საქართველოს პარლამენტმა, „ტროფი ტურის” ფარგლებში, კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის თასს უმასპინძლა
საქართველოს პარლამენტმა, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (FIBA) და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, „ტროფი ტურის” ფარგლებში, მსოფლიო ჩემპიონატის თასს უმასპინძლა, ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
“როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, იმ დიდმა ტრადიციამ, რომელიც საქართველოს აქვს, შედეგები უკვე მოიტანა.
„საქართველოს პარლამენტს და ზოგადად, საქართველოს აქვს პატივი, რომ დღეს ჩვენთან იყოს მსოფლიო თასი. პირველად გვაქვს ამის შესაძლებლობა და ამისთვის მადლობა, უპირველ ყოვლისა, ჩვენი ნაკრების წევრებს. მადლობა ფედერაციას, რომ ასეთი სისტემური მიდგომით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით იმ მომენტამდე, როდესაც ვართ ასეთი დიდი ღონისძიების მონაწილე და ამის სიმბოლოც – მსოფლიო ჩემპიონატის თასი, ჩვენთან არის”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა წარმატება უსურვა საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობისას.
„მინდა წარმატება ვუსურვოთ ჩვენს გუნდს. ვფიქრობ, რომ შემდეგი წარმატებული ნაბიჯიც, უკვე ამ ჩემპიონატზე წინ არის. როგორც მშვიდად, წყნარად და მოტივირებულად ვართ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები, პირველად ჩვენს ისტორიაში, დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი ეტაპების გამარჯვებებიც ჯერ კიდევ წინ არის და კიდევ ერთხელ ყველას გისურვებთ წარმატებას”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და ეროვნული გუნდის კალათბურთელებს წარმატება უსურვეს: პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ,
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი მეძმარიაშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ.
„ტროფი ტური” გულისხმობს მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდისთვის დაწესებული თასის მოგზაურობას ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც მონაწილეობას იღებს მსოფლიოს ჩემპიონატში.
მსოფლიოს ჩემპიონატში 32 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს, მათ შორის არის საქართველოს ეროვნული ნაკრები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.