გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ანგარიშები მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, ბათუმში გამართულ გასვლით სხდომაზე, დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ განახლებული ინფორმაცია მოისმინა. ინფორმაცია კომიტეტს დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსის მოადგილემ თამარ ხახიშვილმა გააცნო, ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

„დღეისათვის საქართველოში 100 დაცული ტერიტორიაა, რომელთა მთლიანი ფართობი 900 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13% დაცულ ტერიტორიებს უკავია. ბოლო პერიოდის განმავლობაში 5 ახალი დაცული ტერიტორია შეემატა ქსელს და დაახლოებით 116 ათასი ჰექტრით გაიზარდა მათი ფართობი, რაც უპრეცედენტო მატებაა“, – განაცხადა მომხსენებელმა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მან სააგენტოს საქმიანობაზეც გაამახვილა ყურადღება და დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

“სხდომაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ გარემოს დაცვის სამმართველოს და აჭარის სატყეო სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა. ანგარიში შეეხება აღნიშნული სტრუქტურების გაწეული საქმიანობის ფინანსურ პარამეტრებს, ასევე მიღწეულ შედეგებს წყლის, ტყის მასივებისა და ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით.

კომიტეტმა ასევე მოისმინა ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარა-გურიის რეგიონული სამმართველოს საქმიანობის შესახებ და გარემოს ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ანგარიში. ასევე გაეცნენ კავკასიის ბუნების ფონდის (CNF/ UNDP) ანგარიშს, ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის „დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ განხორციელების პროცესს.

კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ უკრაინაში, კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობით. გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე საფრთხე არ არსებობს და ძალიან დაბალია საქართველოს მიმართულებით შავი ზღვის სანაპიროზე სახიფათო პროცესების განვითარების რისკი.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ზაზა შავაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სისტემატური ინფორმაცია მიეწოდება ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რომელიც ასევე საჯაროვდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს ზღვისპირეთში რაიმე დაბინძურების საფრთხე არ არის.

სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ტყის მდგრადი მართვის სისტემაში მონაწილეობისათვის, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის დაარსებაში წვლილის შეტანისათვის, დაცული ლანდშაფტის ბიომრავალფეროვნების კვლევის საქმეში გაწეული ღვაწლისათვის, კომიტეტის სახელით მადლობის სიგელები გადასცა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს, ტყის მდგრადი მართვის კოორდინატორს აჭარაში ვახტანგ წულაძეს, გაეროს მდგრადი განვითარების კოორდინატორს ირაკლი გორგაძეს, ეკოლოგ ზურაბ მანველიძეს, ისტორიის დოქტორს როინ მალაყმაძეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები