აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად, განიხილა კანონპროექტი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

როგორც მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, პირველი მოსმენის შედეგად გამოთქმული ყველა შენიშვნა და წინადადება ასახულია კანონპროექტებში.

წარმოდგენილი კანონპროექტით ძალადაკარგულად ცხადდება 1999 წლის მოქმედი კანონი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ და არსებითად იცვლება და ახლებურად რეგულირდება გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემა.

კანონპროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს „ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტთან“ და ევროკავშირში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემასთან ჰარმონიზება.

„კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სისტემის განვითარების ხელშეწყობას. ეს კანონპროექტი ახლებურად არეგულირებს ამ სფეროში ძალიან რთულ ურთიერთობებს და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები