საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტების თაობაზე იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტების თაობაზე იმსჯელა.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია II)” და საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (ბოჭკოვანი ქსელი საქართველოს სოფლებისთვის)” ცვლილების წერილ-შეთანხმება” წარუდგინა კომიტეტს.

ცვლილება ითვალისწინებს, რომ აქამდე არსებული ლონდონის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის (LIBOR) ნაცვლად, ყველა ხელშეკრულებაში გამოყენებული იყოს ურისკო ერთდღიანი განაკვეთი (SOFR), რომელიც ამერიკის ყოველდღიურ ბანკთაშორის ვაჭრობაზე დამოკიდებული მექანიზმია. მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება ჩვენი ქვეყნის ხარჯებზე და საპროცენტო განაკვეთზე გავლენას არ იქონიებს. გიორგი კაკაურიძემ კომიტეტს ასევე სარატიფიკაციოდ წარუდგინა ხელშეკრულებათა პაკეტი: „საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს ურბანული რეკონსტრუქცია და განვითარება)” N3″, „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (ქუთაისის წყალარინება)” N2″ „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენა)” N2″ და „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია ბ)” N2″ ცვლილების წერილ-შეთანხმება”, სადაც ასევე ლონდონის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის (LIBOR) ნაცვლად ამერიკის ყოველდღიურ ბანკთაშორის ვაჭრობაზე დამოკიდებული მექანიზმი SOFR იქნება გამოყენებული.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებების რატიფიცირების საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები