დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილი დოკუმენტების თაობაზე იმსჯელა.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ცვლილება შედის 2019 და 2021 წლებში საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში: „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია II”, რისთვისაც ევროპის საინვესტიციო ბანკმა 250 მლნ ევრო გამოყო და „ბოჭკოვანი ქსელი საქართველოს სოფლებისთვის”, რისთვისაც 34 მლნ ევრო გამოიყო.
ცვლილება ითვალისწინებს, რომ აქამდე არსებული ლონდონის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის (LIBOR) ნაცვლად, ყველა ხელშეკრულებაში გამოყენებული იქნება ურისკო ერთდღიანი განაკვეთი (SOFR), რომელიც ამერიკის ყოველდღიურ ბანკთაშორის ვაჭრობაზე დამოკიდებული მექანიზმია. მომხსენებლის თქმით, აღნიშნული ცვლილება ქვეყნის ხარჯებსა და საპროცენტო განაკვეთზე გავლენას არ იქონიებს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილების რატიფიცირების საკითხს.