50-წლიანი წყვეტის შემდეგ კონსერვატორიისთვის სტენვეის როიალების მიწოდება გრძელდება

50-წლიანი წყვეტის შემდეგ კონსერვატორიისთვის სტენვეის როიალების მიწოდება  გრძელდება. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით,  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ინსტრუმენტების დეფიციტის აღმოფხვრაზე მუშაობენ.
„კომპანია „სტეინვეი ენდ სანსთან“ (STEINWAY & SONS) თანამშრომლობა კულტურის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო და დღეს უკვე კომპანიისგან როიალების მესამე პარტია, შვიდი სამუშაო როიალი მიიღო. მუსიკალური ინსტრუმენტები უკვე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სასწავლო აუდიტორიებშია, სადაც კომპანიის პროფესიონალმა ინჟინრებმა ააწყვეს, გამართეს და შეამოწმეს.
შეგახსენებთ, ინსტრუმენტების დეფიციტი სახელმწიფო კონსერვატორიისთვის წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ინსტრუმენტების დეფიციტის საკითხის გადაჭრის აუცილებლობის შესახებ 2021 წელს განაცხადა და ამავე წელს დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები კომპანია „სტეინვეისთან“. მოლაპარაკებებს მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე ხელმძღვანელობდა. საგულისხმოა ქართველ-ამერიკელი პიანისტისა და კომპოზიტორის, ცნობილი ხელოვანის, გიორგი ლაცოს, წვლილი, რადგან მან სამინისტროსა და „სტეინვეის“ შორის მოლაპარაკებების დაწყებას განსაკუთრებულად შეუწყო ხელი.
ნაყოფიერი მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელშეწყობით, კულტურის სამინისტრომ მსოფლიოში აღიარებულ მწარმოებელთან „სტეინვეი ენდ სანს“ რამდენიმეწლიანი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტის მიხედვით კონსერვატორიას ეტაპობრივად, 2025 წლამდე, გადაეცემა 78 როიალი, აქედან:
17 როიალი – 2022 წელს;
61 როიალი – 2023-25 წლებში, ყოველწლიურად (კონსერვატორიის მიერ განსაზღვრული მოდელებისა და ოდენობის მიხედვით).
2022 წელს როიალებისთვის გამოიყო 1 753 000 ევრო, 2022-25 წლებში კი – 8 012 636 ევრო.
2022 წლის 14 სექტემბერს საქართველოს კულტურის სამინისტრომ „სტეინვეის“ ცხრა როიალი მიიღო და კონსერვატორიის როიალების ფონდი 50-წლიანი წყვეტის შემდეგ განახლდა. მოცემული ცხრა როიალიდან ხუთი სამუშაო როიალია, ორი – ნახევრად საკონცერტო და ორიც კამერული ანსამბლისთვისაა განკუთვნილი. ასევე, 2022 წლის 8 დეკემბერს კონსერვატორიას გადაეცა როიალების მეორე პარტია, კერძოდ, რვა როიალი.
ხელშეკრულების თანახმად, როიალების მოწოდებასთან ერთად, კომპანია ვალდებულია საქართველოში პერიოდულად გამოგზავნოს ინჟინრები, რომლებიც როგორც როიალების მოწოდებისას, ასევე შემდგომ, მუსიკალურ ინსტრუმენტებს უფასოდ გამართავენ (ააწყობენ), ტექნიკურად შეამოწმებენ და ასევე უფასოდ მოამზადებენ/გადაამზადებენ ადგილობრივ სპეციალისტებს (ამწყობებს), რადგან საქართველოში ამწყობის პროფესია, დიდი ხანია, იშვიათობად იქცა.
აღსანიშნავია, რომ მრავალწლიანი ისტორიის მქონე კომპანია „სტეინვეისთვის“ ევროპის მასშტაბით ეს შესყიდვა უპრეცედენტოდ ითვლება.
ასევე, შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, კომპანიაში „სტეინვეი ენდ სანს“. თეა წულუკიანი კომპანიის პრეზიდენტს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში გვიდო ციმერმანსა და რეგიონულ დირექტორ ანტონ ვილჰელმს შეხვდა. მინისტრმა დაათვალიერა ’’STEINWAY & SONS“-ის როიალების საწარმო, მათ შორის, საქართველოსთვის განკუთვნილი რვა როიალი, რომლებიც ჰამბურგიდან 25 ნოემბერს უნდა გამოგზავნილიყო. როიალების გამოსაგზავნი პარტიის შესამოწმებლად და კომპანიასთან შემდგომი თანამშრომლობისთვის მინისტრთან ერთად კომპანიას მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია ეწვია. მან ერთ-ერთ როიალზე რამდენიმე ნაწარმოები შეასრულა.
სამწუხაროდ, მუსიკალური ინსტრუმენტების დეფიციტის საკითხი აქტუალურია არა მხოლოდ კონსერვატორიისთვის, არამედ სხვა სახელოვნებო სასწავლებლებისთვისაც. ინსტრუმენტებს განსაკუთრებულად საჭიროებენ: სსიპ ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, სადაც მუსიკალური ინსტრუმენტები ბოლოს გასული საუკუნის 70-იან წლებში შეიძინეს, სსიპ გორის სამუსიკო კოლეჯი (1971 წლის შემდეგ კოლეჯს ახალი ინსტრუმენტი არ შეუძენია), სსიპ რუსთავის სამუსიკო სასწავლებელი (60-იანი წლების შემდეგ ინსტრუმენტები არ განახლებულა) და არაერთი სხვა.
სახელმწიფოს დახმარებით, 2021 წლის ოქტომბერში, პირველად ბოლო 50 წლის განმავლობაში, ინსტრუმენტების ბაზა განახლდა სსიპ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში – „ნიჭიერთა ათწლედი“. კულტურის სამინისტრომ სასწავლებლისათვის შეიძინა სრულიად ახალი, მაღალი ხარისხის მუსიკალური ინსტრუმენტები: როიალი ’’STEINWAY & SONS (Essex Piano)“, ფლეიტა, საყვირი, ტრომბონი, კლასიკური გიტარა, დასარტყამი ინსტრუმენტები, ქსილოფონი და ვალტორნა, თუმცა, მიუხედავად ამისა, „ნიჭიერთა ათწლედში“ ინსტრუმენტების დეფიციტი კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები