პარლამენტი, რეგულირების სააგენტოს მანდატის გაზრდას განიხილავს – რატომ გახდა საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები?
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების მანდატის გაზრდაზე საკანონმდებლო ცვლილებებს, საქართველოს პარლამენტში, განიხილავენ. საკომიტეტო მოსმენები, მეორე დღეა, მიმდინარეობს. დეპუტატებსა და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს კითხვები ცვლილებების აუცილებლობასთან დაკავშირებით აქვთ, სამინისტროში კი ამბობენ, რომ რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გაზრდის მიზანი პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ასევე – მაქსიმალურად ხარისხიანი სამედიცინო სერვისის უზრუნველყოფაა.
რამდენიმე თვის წინ, თბილისში, 22 წლის ქალს, ქირურგიული ოპერაციის დროს, მაკრატელი ჩაუტოვეს. სამედიცინო ხელსაწყო, მას, მუცლის ღრუში თითქმის 3 თვეს ჰქონდა, რის გამოც გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა, თუმცა, ზუსტი მიზეზის დადგენა მხოლოდ მაღალტექნოლოგიური კვლევების შემდეგ გახდა შესაძლებელი და მის ამოსაღებად უკვე ახალი ოპერაცია ჩატარდა, რომელიც, საბედნიეროდ, წარმატებული აღმოჩნდა.
2022 წელს, უროლოგიის ცენტრში, 7 წლის ბავშვის გარდაცვალებაში, ოჯახი, ექიმებს ადანაშაულებდა. როგორც მაშინ, ბავშვის დედა, მაია ინჯგია ამბობდა, მას ყველა ანალიზი ჩაუტარდა და ყველაფერი კარგად ჰქონდა. მაია ინჯგიას თქმით, ოპერაციის წინ, ნარკოზის გაკეთებისთანავე ბავშვი ცუდად გახდა.
„მითხრა, ვიხრჩობიო. გარეთ გამომიშვეს, ასე იცის ნარკოზმაო. შემდეგ დამიბარეს და მითხრეს, ქირურგიული ჩარევა მოხდა და გართულდაო. არანაირი ქირურგიული ჩარევა არ მომხდარა, ნარკოზის გაკეთების დროს დამიღუპეს შვილი. მე უნდა ვიცოდე, რა დაემართა ჩემს შვილს“,- ამბობდა ის.
2021 წელს პენსიონერი ექიმებს საკაციდან გადმოუვარდათ და დაზიანებები მიიღო. ამის შესახებ თეიმურაზ ბობოხიძემ განაცხადა, რომელიც ამბობს, რომ მისი მოხუცი მამა ექიმების დაუდევრობას ემსხვერპლა.
“დავდექი არჩევანის წინაშე და ვნანობ რომ არ დაგიჯერე! მაინც გამოვიძახე სასწრაფო და წაგიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში ექიმების უყურადღებობის გამო, საკაციდან გადმოუვარდათ ბაბუ, რომელმაც მიიღო დაზიანება და გარდაიცვალა!”
2022 წელს მხატვარი მაია კუჭავა მშობიარობის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა. მისი ახლობლები და ოჯახის წევრები ამტკიცებდნენ, რომ ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალება მედიკოსთა დაუდევრობის შედეგია.
2019 წელს, რუსთავში ოპერაციას ახალგაზრდა გოგონა ემსხვერპლა. ახლობლების განცხადებით, გოგონას ნარკოზის განსაკუთრებულად დიდი დოზა შეუყვანეს.
“რომ მოვედით დილით, სინჯი გაუკეთეს, 15 წუთი ელოდნენ, მაგრამ შემდგომ ისევ ნახევარ საათს დააცადეს, შეიყვანეს [საოპერაციოში] ჩვეულებრივად და ჩვენც აქ ველოდებოდით. ცოტა ხანში იყო უკვე ალიაქოთი, გარბოდნენ… ჩემმა სიძემ გაიგო, რომ ვიღაცას გული გაუჩერდაო, მაგრამ სახელსა და გვარს არ აკონკრეტებდნენ.
ჩვენ არც გვიფიქრია, იმდენად უმნიშვნელო ოპერაცია იყო, ვერც ვიფიქრებდით. მოგვიანებით შეგვატყობინეს. პალატაში სანამ შეიყვანდნენ, ჩემმა საცოლემ წაიხუმრა კიდეც, გადავრჩებიო და ექიმმა უპასუხა, გადასარჩენი რა გჭირს, შვილოო, ისეთი არაფერი არ არისო“,– იხსენებს დაღუპულის ახლობელი.
ასეთი მძიმე შემთხვევები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში, ფატალურად დასრულდა, სამწუხაროდ, ძალიან ხშირია. პაციენტების ოჯახის წევრების თქმით, მიზეზი ზოგ შემთხვევაში უყურადღებობა, ზოგ შემთხვევაში – კლინიკური ინფექცია ან სხვა ტიპის დარღვევები იყო. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, ცოტა ხნის წინ ინიციირებული, ახალი კანონპროექტი დროული რეაგირებისა და მომსახურების სფეროს გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს.
რა იცვლება ახალი კანონმდებლობით?
დღეს არსებული კანონმდებლობით, პაციენტის საჩივრის შემდეგ, რეგულირების სააგენტოს, კლინიკაში, მოკვლევის დასაწყებად, სასამართლოს ნებართვა სჭირდება, რასაც 72 საათიანი ვადა აქვს. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, არსებობს კლინიკაში, დოკუმენტაციის მოწესრიგების ან შეცვლის რისკი, რაც ართულებს რეალური სურათის აღდგენას. სწორედ ამიტომ, ახალი კანონპროექტის თანახმად, რეგულირების სააგენტო სამედიცინო დაწესებულებიდან, დოკუმენტაციას, ოპერატიულად, პაციენტის ან მისი ოჯახის საჩივრის საფუძველზე, გამოითხოვს, რაც, ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ექსპერტის დასკვნის დროულად მომზადებისა და პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, შესაძლო ბრალეულობის დადგენისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.
საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე, შეეხება ფარმაცევტულ სექტორს, რაც ამ მიმართულებით არსებულ პრობლემურ საკითხებს დაარეგულირებს. „არსებობს ფალსიფიცირებული თუ ვადაგასული მედიკამენტების გაყიდვის, ასევე – რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით დარღვევების რისკი. მათ თავიდან ასაცილებლად, ახალ კანონში, ასევე, ჩადებულია სხვადასხვა რეგულაციები“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ახალი კანონპროექტით, გაიზრდება საჯარიმო სანქციებიც. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, 2022 წელს, ინფექციის კონტროლის მიმართულებით შემოწმებული 110 კლინიკიდან, თითქმის, 95% დაჯარიმდა, ზოგიერთი მათგანი – განმეორებითაც. რეანიმაციის შემოწმებისას კი, 20-40%-მდე პაციენტებს მეორადი ჰოსპიტალური ინფექცია აღმოაჩნდა, რაც ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ნამდვილად კატასტროფის ტოლფასია.
„ჩვენი ვალდებულებაა, პაციენტების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება დავიცვათ. თუ აქამდე, მსგავს დარღვევებზე ჯარიმა 500 და 1000 ლარი იყო, ახალი კანონპროექტის მიხედვით, იქნება 5 000 ლარი. კლინიკას არ უნდა უღირდეს ჯარიმის გადახდა, რაც ხშირ შემთხვევაში, ხდებოდა კიდეც“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
კიდევ ერთი ცვლილება, რასაც ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს, კლინიკისთვის, ლიცენზიის შეჩერების უფლებაა. თუ დღეს, რეგულირების სააგენტოს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კლინიკისთვის, მხოლოდ ლიცენზიის გაუქმების შესაძლებლობა აქვს, ახალი კანონპროექტით, მისი საქმიანობის დროებით შეჩერების ბერკეტიც ექნება. როგორც ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, ამ შემთხვევაშიც, სავალდებულო იქნება სასამართლოს ნებართვა და სპეკულაციები ამ თემაზე, ყოვლად მიუღებელია.
„ამასთან, კლინიკა გამოეთიშება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამას, თუ პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში, ერთი და იგივე პრობლემა განმეორებით დაფიქსირდება, ან დაფიქსირდება ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი გამოყენება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების მანდატის გაზრდის შესახებ, ახალ კანონპროექტს, პარლამენტში, მიმდინარე კვირაში განიხილავენ.