ირაკლი კობახიძე: ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია
“ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია, რასაც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი უნდა გაემიჯნოს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მაკდონალდსის“ „ჰეფი მილის“ მენიუს სასაჩუქრე წიგნთან დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძე იმედოვნებს, რომ აღნიშნული “გაპარული” პროპაგანდაა და მას კომპანიის ხელმძღვანელობა გაემიჯნება.
„ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა პოლიტიკური განცხადება გაკეთებული. რა თქმა უნდა ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია, რასაც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი უნდა გაემიჯნოს. მე იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ამ კომპანიის ხელმძღვანელობაც გაემიჯნება იმ გაპარულ პროპაგანდას, იმედია ეს გაპარულია, რომელიც ხვდებოდათ ბავშვებს იმ მასალებში, რომელიც რიგდებოდა კონკრეტულ კომერციულ ობიექტში. ეს კატეგორიულად მიუღებელია, რასაც ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით“, – აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, „მაკდონალდსში“ „ჰეფი მილის“ მენიუში სასაჩუქრედ გამოჩნდა წიგნი, რომელშიც ელტონ ჯონისა და მისი პარტნიორის, დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ წერია.