“კოვიდპანდემიის შემდეგ სარესტორნო სფეროში სხვადასხვა თანამდებობაზე ხელფასები 2-3-ჯერაა გაზრდილი” – შოთა ბურჯანაძე
“კოვიდპანდემიის შემდეგ სარესტორნო სფეროში სხვადასხვა თანამდებობაზე ხელფასები 2 -ჯერ, რიგ შემთხვევაში 3-ჯერაცაა გაზრდილი”,- ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, კადრების დეფიციტი კვლავ პრობლემად რჩება.
“ხშირად ვამბობდი, პოსტკოვიდურ პერიოდში უფრო მეტი ტურისტი გვეყოლება, მაგრამ მისი მომსახურე პერსონალი არ დარჩება- მეთქი. სამწუხაროდ, ეს წინასწარმეტყველება ახდა. იმ არასტაბილური გარემოს გამო, რაც ამ სფეროში იყო, ბევრმა ადამიანმა ქვეყანა დატოვა, ბევრი სხვა სფეროში გადავიდა, დიდი შავი ხვრელი შეიქმნა. ამის ამოვსება ურთულესი პროცესია. აქ მხოლოდ ხელფასებზე არაა საუბარი. შემიძლია, დაბეჯითებით გითხრათ, რომ კოვიდპანდემიის შემდეგ სხვადასხვა თანამდებობაზე ხელფასები 2 -ჯერ, რიგ შემთხვევაში 3-ჯერაა გაზრდილი. ეს პროცესი კიდევ ზრდადია, მაგრამ, არა იმ ტემპით, როგორც მოხდა. ეს ბაზრიდან გამომდინარე უსასრულოდ მზარდი ვერ იქნება, თავის წესები აქვს. დღეს ხალხი, რომელიც სხვა სფეროშია გადასული, რთულად, მაგრამ ამ სფეროს უბრუნდება. ახალი კადრების აყვანა სირთულეა იმ კუთხით, რომ როდესაც გამოცდილება არ არსებობს და ადამიანს მოლოდინი აქვს, რომ ამ სფეროში შესვლა მისთვის პირდაპირ მაღალი ხელფასის შესაძლებლობაა, რა თქმა უნდა, ეს ასე არაა. ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა არის ის, რომ კადრი გაიზარდოს.
კოვიდამდე ამ სფეროში ხელფასები დაახლოებით 600-დან 1100 ლარამდე იყო. დღეს 1 200-დან 2 000 ლარამდეა. გაუმჯობესებულია ის პირობები, რომელიც თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ. მაგალითად, 48- საათიანი სამუშაო საათები 40 საათით შეიცვალა. ამან თანამშრომლებზე დადებითად უნდა იმოქმედოს. ნელ-ნელა ეს პრობლემა, რაც გვაქვს, რეგულირებადი იქნება.
რაც შეეხება ე.წ. გასტარბაიტერების შემოყვანის საკითხს – ეს გარდაუვალია იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის განვითარების პროცესი იმ ტემპით წავა, რა ტემპიც დღეს გვაქვს. ყველა განვითარებული ქვეყანა ამ გზას გადის. ის სამუშაო ადგილები, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის არ არის მისაღები, იმ სამეზობლო ქვეყნების მუშახელით დაკავდება , რომლისთვისაც საქართველოში არსებული ხელფასები და პირობები საინტერესო იქნება. უკვე შექმნილია სააგენტოები, რომლებიც სხვადასხვა სფეროებისთვის მუშახელის ჩამოყვანას ცდილობენ. ეს იქნება , ძირითადად, აზიის ქვეყნებიდან, შესაძლოა, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან და ა.შ” – განაცხადა ბურჯანაძემ.