ლევან იოსელიანი: ვაპირებ 15 ივნისს ჩავიდე ჭიათურაში და შევხვდე მშრომელებს

ვაპირებ 15 ივნისს ჩავიდე ჭიათურაში, რომ მე თვითონ გავეცნო პრობლემას, შევხვდე მშრომელებს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად არის ჩართული ჭიათურაში მიმდინარე პროცესებში.

„როდესაც ეს პრობლემა დაიწყო, პირველივე წუთებიდან ჩავერთეთ. დღეს ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ ჩასულები ჭიათურაში. გუშინ ხელისუფლებას მოვუწოდე, მედიატორი ჩასულიყო, რადგან იქ მმართველი დანიშნულია სახელმწიფოს მიერ და ამიტომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება მედიაციის პროცესი განახორციელოს.

მე ვაპირებ 15 ივნისს ჩავიდე ჭიათურაში, რომ მე თვითონ გავეცნო პრობლემას, შევხვდე მშრომელებს. იქ არის მთელი რიგი პრობლემები, რომელსაც ისინი ასახელებენ, მათ შორის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ძალიან აქტიურად ვართ ამ პროცესში ჩართულები. მე თვითონ ვიქნები 2 დღეში და შევხვდები ამ ადამიანებს“, – განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ უკვე მერვე დღეა, რაც ჭიათურაში დაწყებული პროტესტის შემდეგ ყველა მაღარო გაჩერებულია.

„ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელთა ნაწილი კომპანიის მიერ შეთავაზებულ ახალ სამუშაო პირობებს არ თანხმდება. დასაქმებულთა ნაწილი 12-საათიან გრაფიკზე დაბრუნებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები