თამარ გაბუნია: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი სიცოცხლე, რომელიც მედიცინის დახმარებით უნდა გაჩნდეს, იყოს დაცული, საქართველოს ამ საკითხის რეგულირება ჯერ კიდევ ევროასოცირების შეთანხმების დროს დაევალა
მნიშვნელოვანია, რომ სუროგაციის, ასევე დონაციის შესახებ გადაწყვეტილება, ადამიანმა მიიღოს უანგაროდ და ეს არის მთავარი საფუძველი ამ სფეროში ევროდირექტივებისა და ევრორეგულაციების, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
თამარ გაბუნიამ ისაუბრა მთავრობის მიერ დაანონსებულ იმ კანონპროექტზე, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის საკითხი დარეგულირდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ახალი სიცოცხლე რომელიც მედიცინის დახმარებით უნდა გაჩნდეს, იყოს დაცული და ევროპის ქვეყნებმა ამის რეგულირება უფრო ადრე დაიწყეს, მთელი რიგი რეგულაციები არსებობს ევროპის სივრცეში ამ საკითხზე. საქართველოს ეს ვალდებულება განესაზღვრა ევროასოცირების შეთანხმების დროს. ჯერ კიდევ მაშინ იყო საუბარი იმაზე, რომ აუცილებელია ამ სფეროს რეგულირება და მთავრობის ინიციატივით მომზადდა კანონპროექტი, რომელიც სრულად აწესრიგებს ამ მიმართულებას. ეს არის არამხოლოდ იმ წრის განსაზღვრა ვისაც შეიძლება, შეეხოს რეპროდუქციული სერვისების გამოყენება, არამედ კიდევ ძალიან ბევრი ეთიკური სამედიცინო ასპექტი და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხები, რაც უკავშირდება ამ მეტად სერიოზულ მაღალტექნოლოგიურ ჩარევას. მნიშვნელოვანია ის, რომ სუროგაციის, ასევე, დონაციის შესახებ გადაწყვეტილება ადამიანმა მიიღოს უანგაროდ და ეს არის მთავარი საფუძველი ამ სფეროში ევროდირექტივებისა და ევრორეგულაციების. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრინციპი ევროპის ბევრ ქვეყანაში დანერგილია, საფრანგეთი მაგალითად და მთელი რიგი ქვეყნები სუროგაციას სრულად კრძალავს, იმდენად რთულია ბოლომდე ეთიკური მხარის მოგვარება. ჩვენს შემთხვევაში არ იკრძალება, მაგრამ, გადაწყვეტა არის იმგვარი, რომ სადაც შესაძლებელია, მეტად მკაფიოდ და გასაგებად იყოს ჩამოყალიბებული მოტივაცია, ასევე გვქონდეს მეტი გარანტია იმის, თუ რა მომავალი ექნება ბავშვს, რომელიც გაჩნდება მედიცინის დახმარებით. ახალი კანონპროექტი ძალიან დიდ აქცენტს აკეთებს სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე და რომ ამ გზით გაჩენილი ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს დაცული ყველა კუთხით“, – განაცხადა გაბუნიამ.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რას გულისხმობს უანგარობის პრინციპი.
„ადამიანმა უანგაროდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დონაციის, ასევე სუროგაციის შესახებ. რა შეიძლება მიიღოს პირმა – კომპენსაციის სახით შეიძლება პირის აუნაზღაურდეს უხერხულობასთან დაკავშირებული ხარჯები, ამას შემდეგ უკვე დაადგენს მთავრობა, მინისტრის წესით გაიწერება რა შეიძლება იყოს ის ოდენობა, რაც იქნება უხერხულობასთან დაკავშირებული, სამედიცინო ხარჯებთან დაკავშირებული და არ იქნება კომერციული ინტერესის მატარებელი. სრულიად წარმოუდგენელია, რომ სუროგაციის შემთხვევაში რაიმე კომერციული ელემენტიც დაემატოს იმ გადასახადს, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ პროცედურას, რაც დღევანდელ პირობებში ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს ასევე სოციალურ სივრცეში ძალიან თამამად არის მითითებული, ბევრი ადამიანი კი ძალიან თამამად საუბრობს, რომ ეს არის მათთვის შემოსავლის წყარო, რაც არანაირ შემთხვევაში არ შეიძლება. ჩვენ ძალიან ფრთხილად ვიქნებით სწორედ ამ კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, რომ სერვისი, რომელიც იქნება, იყოს სრულფასოვანი და საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა როგორც დონაციის სერვისზე, ასევე მათზე, ვინც თანახმა იქნება, რომ გასწიოს სუროგატი დედის ფუნქცია, თუმცა, ეს ყველაფერი ეთიკურ ჩარჩოში სამინისტროს მიერ ჩამოყალიბებული სტრუქტურული ერთეული მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, რაც ასევე არის ევროპული პრაქტიკის ერთ-ერთი მკაფიო ნიშანი, რომ ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს რეგულირების პირობებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.