ქეთი კოვზიაშვილი: არსებული ბინა ნამდვილად ეკუთვნის პოლიციის თანამშრომელს, თუმცა, არც ის და არც მისი ოჯახის წევრები მომხდარის დროს ცალსახად არ ყოფილან აღნიშნულ მისამართზე
“გლდანში, ერთ-ერთ კორპუსში, ბინის ვერანდაზე ტყვიის შევარდნის ფაქტი უთუოდ ძალიან ცუდი ფაქტია”,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთი კოვზიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.
“ზედა სართულზე არსებული ბინა ნამდვილად ეკუთვნის პოლიციის თანამშრომელს, თუმცა, არც ის და არც მისი ოჯახის წევრები მომხდარის დროს ცალსახად არ ყოფილან აღნიშნულ მისამართზე.
ამასთან, პოლიციის თანამშრომელს არ აქვს გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღი და სამსახურებრივი – საშტატო იარაღი არ ჰქონია თან, რადგან არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ექსპერტიზა მუშაობს ტყვიის სროლის ტრაექტორიის დადგენაზე და შედეგებს საზოგადოება აუცილებლად გაიგებს”, – წერს კოვზიაშვილი.
ცნობისთვის, მოქალაქე თათია ჩაფიჩაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საკუთარ ვერანდაზე ზემოთა სართულიდან (ალბათ)! ვიღაცამ იარაღი ისროლა. მისივე თქმით, ტყვიის ანასხლეტი მოხვდა ბავშვს, რომელსაც საბედნიეროდ მხოლოდ მცირედი დაბეჟილობა აქვს ფეხზე.