ვიქტორ დოლიძესა და ევროპარლამენტარებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა

ევროპარლამენტში უახლოეს პერიოდში საქართველოსთან მიმართებაში ცალკე დელეგაცია შეიქმნება. აღნიშნული საკითხი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძის და ევროპარლამენტარებს შორის ორმხრივი შეხვედრების დროს დაისვა. კომიტეტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტში ბალტიელ და რუმინელ კოლეგებთან შეხვედრისას თავდაცვის და უშიშროების ფორმატში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე ისაუბრა. როგორც შეხვედრების დროს აღინიშნა, უახლოეს პერიოდში საქართველოს ევროპარლამენტის დელეგაცია ესტუმრება და ასევე ბრიუსელში ქართული წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტიც შედგება.
“დღეს ევროპარლამენტში, რომელიც როგორც ძველი, ასევე ახალი წევრებით არის დაკომპლექტებული, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აღმოსავლეთ პარტნიორობის და თანამშრომლობის ფორმატს. ეს მიდგომა დაფიქსირდა ყველა შეხვედრაზე და თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებებიც გამოიკვეთა. ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის, რომ შეხვედრები მხოლოდ შეხვედრებისთვის გაიმართოს, არამედ ჩვენი პოზიციაა ყველა შეხვედრა შედეგზე იყოს ორიენტირებული და ეს შედეგებიც, რაც შეიძლება მოკლე დროში მიიღოს საქართველომ“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრების დასრულების შემდეგ. კომიტეტის თავმჯდომარე სამუშაო შეხვედრებს ევროპარლამენტში 4 დღის განმავლობაში გამართავს, რომლის დროსაც ყურადღება ვიზის ლიბერალიზაციის, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის და საგანმანათლებლო პროექტების საკითხების განხილვას დაეთმობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები