ლანჩხუთში სადრენაჟე სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობ მასივს აწესრიგებს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 3 კილომეტრამდე სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხი იწმინდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება; შედეგად, 55 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება. დამშრობ მასივზე სამუშაოები ივნისის ბოლოს დასრულდება.