ნინო წილოსანი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, საბჭოს თავმჯდომარე სტუდენტებს ესაუბრა პირველ ქართველ ქალ პარლამენტარებზე, თანასწორობის არსზე და დისკრიმინაციაზე, გენდერულ სტერეოტიპებზე, გენდერულ კვოტაზე და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე საქართველოში.
ნინო წილოსანმა ყურადღება გაამახვილა გენდერული თანასწორობის საბჭოს როლზე საქართველოს პარლამენტის მიერ გენდერულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში და გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნისა და განვითარების უზრუნველყოფაში. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ასევე, დაათვალიერეს პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი.