ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ლექციათა ციკლს ატარებს. 2014 წლის 13 თებერვალს, 15 საათზე, მოხსენებას ,,ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი” შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მონუმენტური მხატვრობის ფონდის კურატორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნინო ჩიხლაძე წაიკითხავს. გამოფენაზე წარმოდგენილ დედნებსა და ასლებზე დაყრდნობით განხილული იქნება შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის განვითარების ეტაპები (მე-V, VI-საუკუნიდან მე-XVIII საუკუნემდე), ტექნოლოგიები, (მოზაიკა, ფრესკა) და მხატვრული სკოლები (ტაო-კლარჯეთის, დავით გარეჯის, სვანეთის). მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ ძეგლების შენახვა-გადარჩენისა და შესწავლის ისტორიას ექვთიმე თაყაიშვილმა ჩაუყარა საფუძველი და მას შემდეგ მას მხატვრების, რესტავრატორებისა და მკვლევარების არაერთი თაობა ქმნიდა.