დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ კანონში” ცვლილებას მხარი დაუჭირა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი და მისგან გამომდინარე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი.
პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა პროექტი მუხლობრივად წარადგინა. კანონპროექტის თანახმად, 9-დან 11-მდე იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიას ენიჭება სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებიდან 2 კანდიდატის პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის უფლებამოსილება. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის დამდგენი ჩანაწერი „არაუმეტეს 6 წელი” იცვლება ჩანაწერით „6 წელი”. უქმდება ერთი და იმავე პირის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად 1 ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვა. საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადები იზრდება 3 წლიდან 6 წლამდე. იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები; საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის არანაკლებ 10%-ის ოდენობით მიმართოს ქართული მხატვრული ტელეფილმების, ქართული დოკუმენტური ტელეფილმებისა და ქართული ტელესერიალების დაფინანსების მიზნით (მათ შორის, თანადაფინანსების მიზნით) სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისა და ეროვნული კინემატოგრაფიის პოპულარიზაციისათვის. კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის, ევროპის საბჭოს, ჟურნალისტთა ქარტიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთი საკანონმდებლო პაკეტი – „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” I მოსმენით განსახილველად დავით სონღულაშვილმა წარადგინა. კანონპროექტის თანახმად, სწორდება „მაუწყებლობის შესახებ” კანონში არსებული ტექნიკური უზუსტობები და ზუსტდება ისეთი საკითხები, რომლებსაც შესაძლებელია, ბუნდოვანება გამოეწვია. მაგალითად, კანონპროექტით ევროპული სტანდარტების შესაბამისად ზუსტდება შემდეგი ლეგალური დეფინიციები – „მედიამომსახურება”, „ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება”, „სარედაქციო პასუხისმგებლობა”. კანონპროექტით, ასევე მკაფიოდ წესრიგდება სფეროს მარეგულირებელი ორგანოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომის დახურვის საკითხები. ზუსტდება მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ სასამართლოსადმი მიმართვის საკითხი.
კანონპროექტით შემსუბუქდება პასუხისმგებლობა არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების ეთერში გადაცემისთვის. კერძოდ, აღნიშნული დარღვევისთვის პირველივე შემთხვევაში მაუწყებლებს ჯარიმის ნაცვლად დაეკისრებათ წერილობითი გაფრთხილება იმგვარად, როგორც ეს არის დაწესებული „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის სხვა მოთხოვნების დარღვევისთვის. ჯარიმის დაკისრება არ მოხდება მხოლოდ პირველ შემთხვევაზე, ყოველი მომდევნო დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას. კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტებს.