„ახალმა თაობამ უარი უნდა თქვას მთავარ სენზე, რამაც მსოფლიო დააინფიცირა – ზედაპირულობაზე“…

თანამედროვე ქართველი პროზაიკოსი, დრამატურგი და კინოსცენარისტი – დაიბადა თბილისში. მას ეკუთვნის  2008 წლის რუსულ-ქართულ კონფლიქტზე დაწერილი რომანი iratta,ru.
იყო მთავარი სცენარისტი ბოლო წლების ყველაზე დიდბიუჯეტიანი ქართული მხატვრული ფილმისა SeaZone. მისი პიესა კი – როგორ გავაკეთოთ ბიჭი, რომელიც ძალადობის თემატიკას მიეძღვნა, დაჯილდოვდა გაეროს სპეციალური პრიზით.
2008 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. სხვადასხვა დროს უძღვებოდა შემოქმედებითი წერისა და დრამატურგიის კურსს.
გამოცემული აქვს  10-ზე მეტი წიგნი, მისი სცენარით გადაღებულია 3 მხატვრული და 2 დოკუმენტური ფილმი. რეჟისორი 2 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისა.
სხვადასხვა წელს  სტატიებსა და მონოგრაფიებს წერდა Oxfam-ისთვის, USAID-ისთვის, EU Partnership-ისთვის, ჟურნალ მასწავლებლისთვის, სლოვაკური ჟურნალისთვის sme.sk და სხვა. მისი ტექსტები თარგმნილია 7 ენაზე.  წლების მანძილზე უძღვება საავტორო წიგნიერების კურსს“.
აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლის ლიტერატურის პედაგოგია.
მწერლის, კინოსცენარისტისა და დრამატურგის – გურამ მეგრელიშვილის პერსონა.  

– თბილისში დაიბადეთ. ბავშვობა, სკოლა, ოჯახი… საინტერესო რა იყო მაშინ?
–  მე საბჭოთა კავშირში დავიბადე. იმ დროიდან ბევრი არაფერი მახსოვს, გარდა ტრამვაისა, ქუჩაში მდგარი გაზიანი წყლების აპარატისა და სოხუმისა, სადაც პირველად ვნახე ზღვა.
ჩემი ბავშვობა და მოზარდობა 90-იანი წლებია. ამ წლებში დაბადებულ-გაზრდილები სხვაგვარად გაგვწვრთნა ყოველდღიურობამ. გადარჩენის ინსტინქტი ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ გადავრჩით კიდეც ნაწილი მაინც და გადავრჩით სრულიად უცნაურ და რთულ ვითარებებშიც.
ერთი სცენა არ ამომდის თვალებიდან: სკოლიდან გამოსული ვაშლის ჯემს ვყიდულობდი ხოლმე ჯიხურში. პატარა ჯემი იყო, ისეთი იაფი ღირდა, ხურდა ფულად მოდიოდა, მაგრამ ყველაზე პოპულარული ტკბილეული იყო იმ დროს.
სკოლიდან ადრე უნდა გამოსულიყავი, რომ მოგესწრო და გეყიდა და მეც, მეგობართან ერთად გამოვიპარე, მივადექი ჯიხურს, სადაც ფორმიან კაცს ავტომატის ლულა ჰქონდა შეყოფილი ფანჯარაში და სიგარეტსა და სასმელს ითხოვდა. გამყიდველი არ აძლევდა და ფორმიანმაც ჯერი მიუშვა და წავიდა.
ჩვენ, 12-13 წლის ბიჭები. ხუთიოდე მეტრში ვიდექით და ველოდებოდით, როდის წავიდოდა თავდამსხმელი, რომ ჯემი გვეყიდა. ეს კინო სცენაა, ცოტა დაუჯერებელი, მაგრამ სცენა. ჯემი ვიყიდეთ.
–  ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრეთ. რატომ ფსიქოლოგია?
– ადამიანის ბუნება ყოველთვის მაინტერესებდა. სადღაც გულის სიღრმეში მწერლობაზე ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ ვერ ვბედავდი ამის აღიარებას. ალბათ ამან მიმიყვანა ფსიქოლოგიამდე – გამეგო ადამიანი. ლიტერატურის მიზანიც ხომ ესაა გარკვეულწილად – ადამიანის გაგება.
– როდის დაიწყეთ წერა? პირველი ნაწარმოებები…
– პირველი ნაწარმოები, რასაც ნაწარმოები ჰქვია, 21 წლისამ დავწერე. მანამდე იყო მცდელობები, მაგრამ, ძირითადად, ეს იყო პატარა ჩანახატები და იუმორისტული ტექსტები. სხვა ავტორების ტექსტების გაყალბებით ვერთობოდი.
პირველი ტექსტი, რასაც მოთხრობა შეიძლება დავარქვათ არის „ძმები“, მერე იყო „მწერალი“, „10+2“ და სხვა ტექსტები.
– თქვენი შემოქმედების ყურადღების ცენტრში ადამიანია – თავისი ბედისწერით, შეცდომებით, ტკივილით, სიყვარულით… როგორ მოდის ნოველის თემა, სათქმელი?
– მწერლისთვის ახალი ტექსტი ახალი შინაგანი პრობლემის გადაწყვეტის მცდელობაა. აუცილებელი არაა პრობლემები შენი იყოს. ეს თავისუფლად შეიძლება გახდეს რეფლექსია სხვის პრობლემაზე, სიხარულზე.
– პირველი სამხედრო რომანი “IRATTA. RU” 2008 წლის მოვლენებზეა, შეულამაზებელი სიმართლე, მძაფრი სიუჟეტი და დოკუმენტურობა გამოარჩევს. როგორ იწერებოდა ეს წიგნი და დღევანდელი გადასახედიდან, როგორ შეაფასებდით წიგნს უკვე მკითხველის თვალით?
– წიგნი 2009 წელს გამოიცა. დამიკავშირდა გამომცემლობა „ალიანს ფაბლიშინგი“, ვისაც სურდა ომზე რომანი დაწერილიყო. მგონი, სხვა ავტორებსაც შეეხმიანნენ და რაღაცნაირად ჩვენ შევჯერდით. ჩემი იდეა მივაწოდე და დავიწყე მუშაობა იანვარში. წერა რთული აღმოჩნდა. დავდიოდი სამხედრო იმიტირებულ ბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად. ვხვდებოდი სამხედროებს, ვკითხულობდი ექსპერტების დასკვნებს და აპრილის ბოლოს წიგნი მზად იყო.
მერე დაიწყო სირთულეები. მაშინდელმა ხელისუფლებამ არ მოიწონა ტექსტი და წარდგენის ადგილი ძლივს ვიშოვეთ, სადღაც სარდაფში ჩავატარეთ შეხვედრა. გამომცემელი დაჭერას გადაურჩა. მეც. არაფერი განსაკუთრებული ტექსტში არაა, ხაზგასმული იყო სამხედრო მენეჯმენტის შეცდომები (როგორ შეიძლებოდა დაგეგმვა) და ხაზგასმული იყო ჩვენი მეომარი ბიჭების თავდადება. მას მერე ძალიან ბევრი სამადლობელი წერილი მივიღე ჯარისკაცებისგან, რაც ჩემთვის საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა.
ტექსტს გადავაკეთებდი, ახლა რომ დამეწერა. არის ადგილები, რომელსაც დახვეწა არ აწყენდა.
– „ჯაყო გმინვაა ჩემი სულის“ – მიხეილ ჯავახიშვილმა ჩაწერა უბის წიგნაკში. რამ განაპირობა „ჯაყოს ხიზნების“ გაგრძელების – „Теимураз Оврагов“-ის დაწერა?
– ჯაყო ეპოქის წინასწარმეტყველება იყო. ამ ტექსტში „Теимураз Оврагов“ მე თეიმურაზი მებრძოლი ათეისტი და კომუნისტი გამოვიყვანე, მაღალ თანამდებობაზეა, ჩეკისტია. მგონი, ეს ჩანაფიქრი ჰქონდა კიდეც ჯავახიშვილს და ვეღარ დაწერა.
ჯაყოს ენას აჭრიან. ესეც სიმბოლურია და დაბეჩავებული კაცი ისევ თეიმურაზთან მიდის თავშესაფრის მოსაძებნად. სიმბოლოები მკითხველმა უნდა ამოიცნოს.
– წლების მანძილზე უძღვებით საავტორო „წიგნიერების კურსს“, 2009 წლიდან დღემდე, გურამ მეგრელიშვილის კურსი 1200-ზე მეტ მოზარდს წარმატებით გაუვლია… ანუ „წიგნიერების კურსმა“ გაამართლა? რა არის მისი მიზანი?
– გარემოს შექმნა. მე ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს, ვინმეს წიგნის კითხვა შევაყვარო, თუმცა მაქვს მეთოდი, რომელიც ალბათ ამართლებს. ყველა მოზარდი, ვისთანაც მიმუშავია, ამ ქვეყნის მომავალია. ბევრთან შეხება აღარც მაქვს, მაგრამ ისინი ჩემს გონებაში მუდამ ცოცხლობენ, ბევრი მათგანი გულშიც. წიგნიერების კურსმა გაამართლა, დიახ.
–  რა არის თქვენი ის საიდუმლო, რაც მოზარდს წიგნით დააინტერესებს?
– ვინც წიგნს სთავაზობს მოზარდს, თავადაც უნდა კითხულობდეს. მთავარი საიდუმლო ალბათ ისაა, რომ ჩემს მოსწავლეებს ვუსმენ. ჩვენ ვცხოვრობთ საუკუნეში, სადაც მოსმენა დიდი ფუფუნება გახდა. ისინი საკუთარ შეგრძნებებს, აზრებს, მოსაზრებებს ყვებიან და მე ვუსმენ. და კიდევ რომ მოვუსმინო, მეტს კითხულობენ. ალბათ ესაა მთავარი ინგრედიენტი.
სხვადასხვა დროს უძღვებოდით „შემოქმედებითი წერისა“ და „დრამატურგიის“ კურსს… გვიამბეთ პროექტზე „ფასკუნჯი – წერითი თერაპია“… რატომ „ფასკუნჯი“? გვიამბეთ ნიჭიერ ფასკუნჯელებზე…
– „ფასკუნჯი“ მითიური ფრინველია, რომელიც გმირს უფსკრულიდან ამოსვლაში ეხმარება. საამისოდ პროტაგონისტმა სხეულის ნაწილი უნდა მისცეს ფრინველს, მაგრამ ამოსვლისას ფრთის მოსმით ეს იარა მთლიანდება.
წერითი თერაპიის კურსი  საინტერესო პროექტი აღმოჩნდა. ძალიან საინტერესო მონაწილეებით. როდესაც რეგისტრაციას ვაცხადებ, 100-მდე განაცხადი მუდმივად შემოდის, მე 10-ზე მეტს ვერ ვარჩევ ხოლმე და ეს ხალხი მერე რამდენიმე თვეს ერთად ცხოვრობს, ერთმანეთით, ამბების გულწრფელად გაზიარებებით, თვითანალიზით, ხელის გაწვდენით და რაღაც ჯგუფური ენერგია იქმნება, რომელიც ჩვენ ტკივილებს კურნავს.
ახლა „ფასკუნჯი“ ახალ ეტაპზე გადადის. გავუშვით წერის კლუბი, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს მხატვრულ წერას ვასწავლით, რომელიც წიგნად გამოიცემა. რამდენიმე დღეში დაანონსდება წერის კურსი მოზარდებისთვის, „მკითხველის მარათონი“, რომელსაც გიორგი თავართქილაძე გაუძღვება და მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ტექსტის განხილვას და მოზარდების ჩართულობას გულისხმობს, გვექნება „11 ემოციის კურსი“ ბავშვებისთვის, მირანდა ვახტანგიშვილის მენტორობით, „პროექტებისა და ბიზნესგეგმების წერის კურსი მოზარდებისთვის“, ქეთი კორძაძის მასტერკლასი და სხვა ბევრი საინტერესო ამბავი.
–  აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლის ლიტერატურის პედაგოგი და ასევე აზროვნების აკადემიის გამომცემლობის ხელმძღვანელი ხართ. წიგნი „როგორ ველაპარაკოთ შვილებს“ თქვენს მრავალწლიან გამოცდილებას აჯამებს, განკუთვნილია მშობლებისთვის, პედაგოგებისთვის,ზოგადად, განათლების სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის… ვფიქრობ, დღეს ძალიან საჭირო წიგნია, რადგან მშობლებს შვილებისთვის დრო ნაკლებად რჩებათ…
– საკვირაო სკოლაში ვმუშაობ, გამომცემლობიდან წამოვედი რამდენიმე თვეა. „აზროვნების აკადემია“ ნამდვილად შესანიშნავი ორგანიზაციაა. მათი დამფუძნებლების დამოკიდებულება ხარისხთან დაკავშირებით და განვითარების დინამიკა ძალიან დასაფასებელია, ამიტომაც უყვარს ხალხს და არის ასეთი პოპულარული.
„როგორ ველაპარაკოთ შვილებს“ – ბევრისთვის კარგი დამხმარე წიგნი გამოდგა, მიხარია, თუმცა ის საკუთარი თავისთვის დავწერე, რომ შემეხსენებინა ჩემთვის, როცა შვილთან ურთიერთობისას შეცდომას ვუშვებ, რაღაც არ უნდა გამომრჩეს.
– ახლახან „აზროვნების აკადემიამ“ გამოსცა ახალი წიგნი – „ხელი გამიშვი დედა“. ამბობთ, რომ რისი გამოსწორებაც შვილებში გვსურს, ეს ჩვენშივეა შესაცვლელიო. როგორ დაიწერა ეს წიგნი და მაინც, რის გამოსწორებას ისურვებდით შვილების თაობაში?
– წიგნი მოიცავს კონკრეტულ რჩევებს, მაგალითებს, მოსაზრებებს შვილებთან ურთიერთობაზე. ფაქტობრივად, ესაა გაგრძელება წიგნისა – „ხელი გამიშვი, დედა!“
ახალმა თაობამ უარი უნდა თქვას მთავარ სენზე, რამაც მსოფლიო დააინფიცირა – ზედაპირულობაზე. ეს ზედაპირულობა ჩვენი ტვინების მთავარი მახეა. თითქოს იცი რაღაცა და საბოლოოდ სადღაც ძალიან ზედაპირზე ტივტივებ. ზედაპირული ხდება ურთიერთობები, გრძნობები, განცდები და ცხოვრება. ჩვენ ერთადერთი შანსი გვაქვს დედამიწაზე ყოფნისას და ეს შანსი სწორად უნდა გამოვიყენოთ.
– პრემიები და ჯილდოები… რომელ ჯილდოს გამოყოფდით?
– არ მახსოვს, არ ვითვლი, არ მაინტერესებს.
– ჰობი…
– ჩემი ჰობი მუსიკა, მოგზაურობა და ჭადრაკია. ეს სამი რომ მუდმივად და საკმარისად იყოს ჩემ ცხოვრებაში, ალბათ სხვა არაფერი დამჭირდებოდა. მყოფნის.
– ოჯახი…
– მყავს მეუღლე და ორი შვილი. სამივე ძალიან საინტერესო და განსხვავებული ადამიანია. ჩვენ ვურთიერთობთ, როგორც პიროვნებები და არ ვცდილობთ ერთმანეთის დაფარვას და დაჩრდილვას. ეს მომწონს და მიადვილებს ბევრ რამეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია საკუთარი სივრცის ქონა და თავადაც ვუტოვებ სხვას ამ სივრცეებს.
უფროს შვილ მათესთან ერთად წელს გამოვეცი წიგნი „როგორ დავწეროთ მოთხრობა“. კარგი გამოცდილება გამოგვივიდა.
– რაზე მუშაობს ამჟამად მწერალი გურამ მეგრელიშვილი?
– ორი წიგნი მაქვს დაწყებული. ვერ ვაგრძელებ. წერა ფუფუნებაა და ამ წუთას ეს ფუფუნება არ მაქვს. ორივე განსხვავებული ტექსტია, განსხვავებული ესთეტიკისა და შინაარსის თუმცა ორივე ამბავში გზა მონაწილეობს და ამ გზაზე სიარულისას განიწმინდებიან პროტაგონისტები.

                                                                                                   თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები