შალვა პაპუაშვილი: საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირთან დაახლოების მხრივ – ახლა ბურთი ევროკავშირის მოედანზეა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს და დაიწყოს მოლაპარაკება წევრობასთან დაკავშირებით.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ახლა ბურთი არის ევროკავშირის მოედანზე“.

„იქნება ეს ისტორიული თუ ზოგადად, უახლოესი წარსულიდან გამომდინარე, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირთან დაახლოების მხრივ წინსვლა ჰქონდეს, მიიღოს სტატუსი და არამხოლოდ, არამედ გაიხსნას მოლაპარაკება წევრობასთან დაკავშირებით. ასე, რომ ახლა ბურთი არის ევროკავშირის მოედანზე. ჩვენი მხრიდან ყველაფერი არის გაკეთებული. თუკი ავიღებთ და შევადარებთ ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას და ამ მხრივ შევხედავთ საკითხს, რა თქმა უნდა, საქართველო ჯერ არ არის იმ დონეზე მზად, რომ ევროკავშირის წევრი იყოს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ჯერჯერობით კანდიდატობაზე. თუ შევადარებთ სხვა კანდიდატ ქვეყნებს, საქართველო ყველანაირად იმსახურებს, რომ იყოს ევროკავშირთან დაახლოების იგივე ეტაპზე, სადაც კანდიდატი ქვეყნები არიან. ასე რომ, ახლა ბურთი არის ევროკავშირის მოედანზე და სინამდვილეში, დღეს ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორ ხედავს ის საკუთარ მომავალს ამ რეგიონში, როგორ ხედავს საკუთარ მომავალს საქართველოსთან მიმართებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები