სალომე ზურაბიშვილი: ვისაც ეგონა, რომ ბრიუსელში ჩამოსვლისას შეიძლებოდა რამე მეთქვა ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, ესე იგი, ჯერ არ მიცნობენ და ჯობია გამიცნონ

ვისაც ჰგონია, ან ეგონა, რომ ბრიუსელში ჩამოსვლისას შეიძლებოდა რამე მეთქვა ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, ე.ი. ჯერ არ მიცნობენ და ჯობია გამიცნონ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ბრიუსელში გამართული შეხვედრები მას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.

„მე ყოველთვის ვარ ოპტიმისტი და საერთოდ, ოპტიმიზმი ამართლებს. მინდა ვთქვა, რომ ჩემი შეხვედრები გუშინ და დღეს მაძლევს იმის იმედს, რომ შეიძლება ვიყოთ ოპტიმისტი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი გამართულად გვაქვს და არაფერი არ გვაქვს გასაკეთებელი. ძალიან კარგად ვიცით, რა გვაქვს გასაკეთებელი. ყველას თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს ამ გზაზე და ყველამ თუ ყველაფერი გააკეთა, ძალიან დიდი შანსია, რომ ჩვენ გვცნონ და მოგვცენ ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განუცხადეს, რომ აპირებენ საქართველოში ჩამოსვლას.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ვიზიტს ასევე აპირებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.

„ეს სამი ადამიანი თუ ჩამოდის ჩვენთან მომავალი თვეების განმავლობაში, ამ ექვს თვეში, ეს ნიშნავს, რომ საქართველოზე არ უთქვამთ უარი და ხედავენ, რამდენად მნიშვნელოვანია. ეს არ უნდა გამოვიყენოთ და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამის გამო შეგვიძლია, „ცუდად მოვიქცეთ“. ეს არის ყველას გასაკეთებელი. დავამატებდი იმას, ვისაც ჰგონია ან ეგონა, რომ მე აქ ჩამოსვლისას შეიძლებოდა, რამე მეთქვა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ესე იგი, ჯერ არ მიცნობენ და ჯობია, გამიცნონ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები