2022 წლის მონაცემებით ფიქსირებულ ინტერნეტს 1.08 მილიონი აბონენტი იყენებდა

კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების განვითარება კვლავ მკვეთრად მზარდი ტენდენციით ხასიათდება. აბონენტების რაოდენობა 2021 წელთან შედარებით, 70.6 ათასით გაიზარდა და 1.08 მილიონი შეადგინა, საიდანაც მომხმარებლების 95.2% ფიზიკური პირია. ფიზიკური პირი აბონენტების ყველაზე დიდი ოდენობა – 497 ათასი – “მაგთიკომს” ჰყავს, 308 ათასი – “სილქნეტს”, ხოლო “ახალი ჯგუფის ქსელებს”, ისევე როგორც “სქაიტელს” – 60 ათასი. 104 ათასი აბონენტი კი, სხვადასხვა მცირე და საშუალო კომპანიებზე ნაწილდება.

2022 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების პენეტრაცია 92.7%-ს შეადგენდა და სიმკვრივის ყველაზე დიდი მაჩვენებელი – 132% – თბილისშია დაფიქსირებული. შემდეგია აჭარა 126%-ით, სამცხე-ჯავახეთი – 95%-ით, ქვემო ქართლი – 82%-ით, ხოლო მცხეთა-მთიანეთი – 80%-ით. 72%-ს შეადგენს შიდა ქართლის ინტერნეტ მომსახურების სიმკვრივის მაჩვენებელი, 67%-ს – კახეთის, 65%-ს – იმერეთის, სამეგრელო ზემო-სვანეთისთვის კი, ეს მაჩვენებელი 61%-ია. 55%-იანი სიმკვრივის მაჩვენებელი აქვს გურიას, ხოლო რეგიონებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ფიქსირდება, რომელიც 20%-ს შეადგენს. ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში. ხოლო, რაც შეეხება სოფლებს, ქვეყანაში არსებული 3385 სოფლიდან, 2510-შია ხელმისაწვდომი. იმ სოფლებისთვის კი, სადაც არ არის ფიქსირებული ინტერნეტი, სახელმწიფოს მხარდაჭერით საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ხორციელდება.
კერძოდ, პროექტის ფარგლებში, ქვეყნის 1,000-მდე სოფელს და 500,000 მოქალაქეს, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას, მაღალხარისხიანი ინტერნეტითა და სხვადასხვა ციფრული სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები