რომეო მიქაუტაძემ საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის გახსნის საკოორდინაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

პირველი ივლისს საქართველოს ელექტროენერგიის ბირჟაზე ვაჭრობის დაწყების მზაობის საკითხი განიხილეს ბაზრის გახსნის საკოორდინაციო შეხვედრაზე, რომელსაც ენერგეტიკის დარგის საჯარო და კერძო სექტორის, დონორი და საკონსულტაციო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ, რომელმაც ბაზრის გახსნის წინარე ვითარება შეაფასა და მადლობა გადაუხადა პროცესში ჩართულ ყველა მხარეს გაწეული საქმიანობისთვის. მისი თქმით, ბირჟის საქმიანობა რამდენიმე წლის განმავლობაში სატესტო რეჟიმში ხორციელდება, რამაც არსებული მოდელის ცალკეული ხარვეზები გამოავლინა.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბირჟის სატესტო მუშაობას, ვასწორებთ ყველა ხარვეზს, რათა სამომავლოდ საქართველოს ელექტროენერგეტიკულმა ბირჟამ ხელი შეუწყოს ქვეყანაში ენერგოსექტორის განვითარებას. ამავე დროს, კარგად გვესმის, რომ ბირჟის საქმიანობის მონიტორინგი მისი ამოქმედების მერეც იქნება საჭირო, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბირჟაზე ღია და კონკურენტული ვაჭრობა და რაც მთავარია, ვაჭრობის შედეგად ქვეყნის სტაბილური ენერგომომარაგება,” – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

„ელექტროენერგეტიკული ბაზრის ამოქმედება საქართველოს მოქალაქეებს სარგებელს მოუტანს და ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრირებას ელექტროენერგიის გლობალურ ბაზარზე, საქართველოში ელექტროენერგიის სექტორში ინვესტიციების მოზიდვას და, ასევე, ელექტროენერგიის სანდო, მრავალფეროვანი, ხელმისაწვდომი და გარემოსადმი მეგობრული ენერგიის წყაროების შექმნას. ეს ყველაფერი საქართველოს სტაბილურობისა და კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს,” – განაცხადა USAID/საქართველოს მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დევიდ ჰოფმანმა.

მისი თქმით, გაგრძელდება მუშაობა, რათა ელექტროენერგეტიკული ბაზრის წინაშე დღეს არსებული გამოწვევები დაიძლიოს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაგრძელდება კონსულტაციები როგორც ელექტროენერგიის მწარმოებელ კომპანიებთან, ისე ენერგიის მომხმარებლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები