რუსეთში აცხადებენ, რომ აუცილებელია აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამხედრო ყოფნის გაძლიერება

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, ვიქტორ ბონდარევი მიიჩნევს, რომ მოსკოვის წინააღმდეგ ვაშინგტონის მტრული პოლიტიკის გაძლიერება საზღვარგარეთ რუსული სამხედრო ბაზების შექმნის აუცილებლობას იწვევს.

მისი თქმით, რუსეთი ვალდებულია, გააძლიეროს ყოფნა კუხო-ს ქვეყნებში, ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში.

ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.

„რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მტრული პოლიტიკის გაძლიერება საზღვარგარეთ რუსული სამხედრო ბაზების შექმნის აუცილებლობას იწვევს. ცივი ომის დროს სსრკ-ს აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა (ვიეტნამში) და კუბაში სამხედრო ბაზების ფართო ქსელი ჰქონდა”, – დაწერა მან.

ბონდარევის თქმით, შექმნილ ვითარებაში „რუსეთი ვალდებულია, გააძლიეროს თავისი ყოფნა კუხო-ს ქვეყნებში, ასევე, რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებში, აგრეთვე, თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთის მოლდოვის რესპუბლიკაში”.

მან ასევე აღნიშნა, რომ აფრიკის ქვეყნებთან რუსეთის კავშირები მყარდება. მისი თქმით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ (CAR), რომლის ტერიტორიაზეც 2008 წლიდან 2010 წლამდე იმყოფებოდა რუსული სამშვიდობო კონტინგენტი, მის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის განთავსების სურვილი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები