კულტურის სამინისტრომ, თანამედროვე ქართული დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობისთვის, კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსი – „თანამედროვე ქართული დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა“ – გამოაცხადა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის – „თანამედროვე ქართული დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა“ – ბიუჯეტი შეადგენს 14 000 ლარს. კონკურსის მიზანია: ქართველ დრამატურგთა მოტივაციის ამაღლება, პოპულარიზაცია და მათი საქმიანობის ხელშეწყობა; ქართული პიესების მხარდაჭერა; საქართველოს თეატრების რეპერტუარის შევსება, განახლება და გამრავალფეროვნება და თანამედროვე სათეატრო პროცესის გააქტიურება.
„აღსანიშნავია, რომ თანამედროვე დრამატურგიის განვითარებისთვის გასულ წელსაც გამოცხადდა კონკურსი, რომლის ბიუჯეტიც 14 000 ლარს შეადგენდა. სამინისტროს შვიდმა განმცხადებელმა მომართა, მათგან დაფინანსდა – სამი. 2022 წელს კონკურსი ქართული დრამატურგიის ხელშეწყობისთვის გამოცხადდა მხოლოდ პიესის დადგმისთვის, როგორც ქართველი კლასიკოსების, ასევე – თანამედროვე დრამატურგთა. წელს, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, უპირატესობა ეროვნული დრამატურგიის განვითარებას მიენიჭება, კერძოდ, წახალისდება ქართული პიესის მხარდაჭერა და მასთან დაკავშირებული აქტივობების – კონკურსების, სემინარებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ თეატრის ან/და ლიტერატურის სფეროში მოღვაწე საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განცხადების წარმოდგენა. საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია მისი ქართულენოვანი თარგმანი. ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტები სანოტარო წესით უნდა იყოს დამოწმებული (გარდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენებიდან თარგმნილისა).
სამინისტროში საკონკურსოდ რეგისტრირებულ პროექტებს განიხილავს და შეაფასებს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისია.
კონკურსში წარმოდგენილი საპროექტო/საკონკურსო განცხადებით გათვალისწინებული პროექტი/ღონისძიება უნდა დაიწყოს არაუადრეს 2023 წლის 29 ივნისისა და დასრულდეს არაუგვიანეს 2023 წლის 1-ელი ნოემბრისა.
საკონკურსო განცხადებები მიიღება 2023 წლის 25 მაისიდან 2023 წლის 5 ივნისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4 ნაბეჭდი სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge – ელექტრონულად. კონსულტაციები შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ.: N: 032 2 022229; N: 599 25 21 88.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 19 ივნისისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ N7864 ბრძანება და ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/rwqWxyn5

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები