შსს – გიორგი რამიშვილის დაკავებაზე: 6 ივლისს თბილისის აეროპორტში გ.რ.-ს ხელბარგის შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს; დადგინდა, რომ იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა, მას ტარების უფლება არ ჰქონდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ. სამართალდამცველებმა, მიმდინარე წლის 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გ.რ.-ს ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა აღნიშნულ პიროვნებას ტარების უფლება არ ჰქონდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”, – წერია ინფორმაციაში.