“ეს სამხედრო ოპერაციაა, რუსული ქვედანაყოფები, რუსეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც უკრაინაში რუსეთის დღევანდელი სამხედრო- პოლიტიკური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ იბრძოდნენ” – კასრელიშვილი ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებზე

“ეს სამხედრო ოპერაციაა, არავითარი დივერსიული ჯგუფი არაა. არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი იმაში, რომ ეს რუსული ქვედანაყოფები, რუსეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც უკრაინაში რუსეთის დღევანდელი სამხედრო- პოლიტიკური ხელმძღვანელობის, რუსეთის დიქტატურისა და საოკუპაციო ზრახვების წინააღმდეგ იბრძოდნენ”, – ამის შესახებ ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კრემლში ძალაუფლების ხელში ჩაგდებისათვის ბრძოლაა დაწყებული.

“იმ ინციდენტის გამო, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა,
რუსეთის ფედერაციის სამხედრო- პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეშფოთებულია, შეშფოთებულები არიან პრორუსები საქართველოში, პროდასავლელები კი – გახარებულები. სხვადასხვა ვერსია ვრცელდება იმის შესახებ, თუ ვინ შეიჭრა ბელგოროდში, ბრძოლები ახლაც მიმდინარეობს. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს, რომ ლიკვიდირებულები არიან ჯგუფები, რომლებიც ბელგოროდის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. რამდენიმე ხნის წინ ჩვენ ამ თემაზე სწორედ ამ სტუდიიდან ვისაუბრეთ მაშინ, როდესაც ბელგოროდი პირველად უპილოტო საფრენი დრონებით დაიბომბა. ჩვენ დღესაც იმ აზრზე ვართ, რომ ეს სამხედრო ოპერაციაა, არავითარი დივერსიული ჯგუფი ეს არაა. ესაა სადაზვერვო, ბრძოლით დაზვერვის მეთოდიკა. არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი იმაში, რომ ეს რუსული ქვედანაყოფებია, ესენი რუსეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც უკრაინაში რუსეთის დღევანდელი სამხედრო- პოლიტიკური ხელმძღვანელობის, რუსეთის დიქტატურისა და საოკუპაციო ზრახვების წინააღმდეგ იბრძოდნენ. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, თავს უფლებას მივცემ, შეგახსენო, რომ უკრაინაში არა მარტო რუსები იბრძვიან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, არამედ ბელარუსების ძალიან სერიოზული სამხედრო ქვედანაყოფია, რომლებმაც თავიანთ ბრძოლებში თავი გამოიჩინეს როგორც წესიერმა, მოწესრიგებულმა და კარგად მომზადებულმა მეომრებმა.
ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა, ეს არის პირველი მცდელობა. ამას სხვა მცდელობებიც მოჰყვება, იმიტომ რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არაერთი სამხედრო დაჯგუფებაა რომელიც თავის დროს ელოდება. შეიძლება ითქვას, რომ გუბერნატორების და ოლიგარქების აბსოლუტურ უმრავლესობას ყველას თავისი სამხედრო ფორმირება ჰყავს, რაც იმაზე მეტყველებს, რაზეც ადრეც ვსაუბრობდით: რომ კრემლში ძალაუფლების ხელში ჩაგდებისათვის ბრძოლა დაიწყო. ჯერჯერობით, ეს ბრძოლა კარის ინტრიგების დონეზეა, რეგიონებში მათი მომხრეებისთვის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებიათ. მაგრამ მეფის კარზე უკვე 3 დაჯგუფება გამოჩნდა, რომელსაც სურვილი აქვს, ძალაუფლება ხელში ჩაიგდოს. ერთი ჯგუფია სამხედროები, მეორე სპეცსამსახურები, მესამე კი მსხვილი ოლიგარქები. რა თქმა უნდა, ერთი- ორი ჯგუფი კიდევ დაემატება და მათი ძალაუფლება რეგიონებში გაიშლება. არ ვფიქრობთ იმას, რომ ეს ვინმემ არ იცის. მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტმა. იცის, მაგრამ მასაც აინტერესებს, მის შემდეგ ვინ იქნება, ხელშეუხებლობის გარანტიას ვისგან მიიღებს”, – განაცხადა კასრელიშვილმა.

ცნობისთვის,რუსული მედიის ინფორმაციით , უკრაინული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები ბელგოროდის რეგიონში შეიჭრნენ. თავის მხრივ, უკრაინა ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებთან კავშირს უარყოფს.

22 მაისს რეგიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა. გუშინ კი ეს რეჟიმი გაუქმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები