არჩილ თალაკვაძე უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ, უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს, იშტვან ნაგის შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობის კუთხით არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
„პირველ ყოვლისა, ეს იმის ნიშანია, რომ ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობას აღრმავებს – ეს არის სექტორული თანამშრომლობა, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტები გამოხატავს პოლიტიკურ მხარდაჭერას, რაც აქვს საქართველოს”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობა ევროკავშირთან, ევროპული ინტეგრაციის ამ ეტაპზე, დღეს კიდევ უფრო აქტიურია.
„რასაკვირველია, ეს მხარდაჭერა, საბოლოო ჯამში, უნდა აისახოს საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მიცემის გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ დაყოვნების გარეშე მიიღოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი, რაც თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს ჩვენს ურთიერთობას და თანამშრომლობას ევროკავშირთან”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დეპუტატები: დავით სონღულაშვილი, გელა სამხარაული და ლევან მგალობლიშვილი.