გიორგი კობერიძე: რუსეთის საგარეო პოლიტიკა აგებულია კონცეფციაზე – იქ, სადაც რუსია, არის რუსეთიც

“ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა აგებულია კონცეფციაზე, იქ, სადაც რუსია, რუსეთიც იქ არის – რუსეთი აუცილებლად დამარცხდება უკრაინაში, მაგრამ ამის მერე საქართველოსთან დაკავშირებით რას იზამს, არავინ იცის”,- ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის სტატუსი პოლიტიკური საკითხია და არა ინსტიტუციური – ამიტომაც საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს სტატუსი, რაც იქნება ნიშანი, რომ ევროკავშირს ქართველი ხალხი არ მიუტოვებია.

“9 მაისს პუტინმა გამარჯვების დღე სხვა მოკავშირე ქვეყნებთან ერთად, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთსაც მიულოცა და თან მოაყოლა, ასევე ვულოცავ საქართველოს “ხალხებსაცო…” ხვდებით, რა საშიში განცხადებაა?! ამ მილოცვის კონტექსტით კარგად გამოჩნდა, როგორი დამოკიდებულებაც აქვს რეალურად ოკუპანტ ქვეყანას საქართველოსადმი. გარდა იმისა, რომ საქართველო უკრაინის შესახებ სიტყვასაც არ ძრავს, კარგა ხანია მისგან ოკუპაციაზეც არ მოგვისმენია პროტესტი. ამასთანავე, ყველაფერი კეთდება, რომ საქართველო როგორმე ერთგვარ ნავსაყუდლად იქცეს არა მარტო რუსი ტურისტებისთვის, არამედ რუსული ბიზნესისთვისაც და თუ აქამდე ევროკავშირის ქვეყნებთან კვიპროსი ახერხებდა რუსული ინტერესების შუამავლობას, ახლა ეს შესაძლოა საქართველომ იკისროს. მოგეხსენებათ, კვიპროსის საშუალებით ამ ინტერესების შუამავლობა დღეს შეწყვეტილია…

საქმე ისაა, რომ რუსეთი ყველა იმ ქვეყანაში, სადაც სურს გავლენის გაძლიერება, ცდილობს ხელისუფლებასა და საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს შორის ისეთი პოლარიზება მოახდინოს, რომლის დროსაც სახელმწიფო ინტერესები ვიწროპარტიულ-პოლიტიკურ ინტერესებად იქცევა. ეს ხდება ჩვენთანაც. დააკვირდით, დღეს მმართველი ძალა, ფაქტობრივად, საკუთარ პარტიულ ინტერესებსა და ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს სახელმწიფოს ინტერესებთან აიგივებს. ამის შემდეგ რუსეთისთვის ახალი ეტაპი დგება, ის ამ პოზიციამორყეულ ხელისუფლებებს ეუბნება, თუ გაატარებ ჩემი ინტერესების შესაბამის პოლიტიკას, მე შენ მხარეს ვიქნები, დაგეხმარები ძალაუფლების შენარჩუნებაშიო. ეს არის ყველაზე საშიში პროცესი. ამას ეუბნებოდა უკრაინაში იანუკოვიჩის, მოლდოვაში კი დოდონის ხელისუფლებას და ა.შ…

პრაქტიკულად, რუსეთი ყველა მავნებლური, სუსტი, რელიგიურ-ფუნდამენტალისტური თუ ოპორტუნისტული რეჟიმის დასახმარებლად მზად არის, რის სანაცვლოდაც საკუთარი გავლენის გაზრდასა და ინტერესების გატარებას ცდილობს. დღეს ბევრად უფრო სერიოზულად არის საქმე საქართველოში, ვიდრე საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის განსაზღვრაა. ახლა ვითარება ბევრად მძიმეა.

რა ფასად შეიძლება დაუჯდეს ეს საქართველოს? დავიწყოთ იმ დიდი ფინანსური ნაკადებით, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში შემოვიდა რუსეთიდან. ეს არაერთ კითხვას ბადებს. კერძოდ, როგორ აისახება ეს ქვეყნის ცხოვრებაზე, საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას აუმჯობესებს თუ ამძიმებს? საინტერესოა, რუსების ის მრავალათასიანი არმიაც, რომელიც ამ პატარა ქვეყანაში შემოვიდა საცხოვრებლად, რა მონაწილეობას იღებს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, როგორ და რისთვის განკარგავს შემოტანილ მილიონებს? ამ ათიათასობით რუსს საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილთან შედარებით მეტი მსყიდველუნარიანობა აქვს. შესაბამისად, საბოლოოდ გარკვეულწილად ისინი განსაზღვრავენ მოთხოვნა-მიწოდებას ბაზარზე და ადგენენ ფასს შენს ქვეყანაში. ამით გარკვეული ტიპის ბიზნესი, რიგი სახელისუფლებო წრეები სარგებელს, ალბათ, ნახულობენ, მაგრამ რიგითი მოქალაქისთვის ცხოვრება გაძვირდა. გარდა ამისა, ვხედავთ, საქართველოში როგორ წარმატებით იწყებენ ბიზნესს რუსების ჯგუფები, ამ ყველაფრის შედეგად კი დღეს ჩვენ ნეოკოლონიალიზმის პირობებში ვცხოვრობთ.

ეს გამოიხატება უპირველესად ეკონომიკური კოლონიალიზმით, რა დროსაც ეკონომიკური პროცესები შეიძლება უფრო მეტად დამოკიდებული გახდეს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებზე, ვიდრე ჩვენზე. ეს ეკონომიკის ანაბანაა… ცოტა ხანში კატასტროფულ შედეგს მივიღებთ. ეს რაც შეეხება ეკონომიკურ ფასს, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური ფასიც. ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა აგებულია კონცეფციაზე, იქ, სადაც რუსია, რუსეთიც იქ არის. ამდენი რუსი რომ შემოვუშვით და დავასახლეთ ქვეყანაში და კიდევ კაცმა არ იცის, რამდენი შემოვა, რამე რომ მოხდეს და, რუსეთის ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით ულტიმატუმებით დაგვიწყოს ლაპარაკი, ამისთვის მზად არის საქართველოს ხელისუფლება? თან გაიხსენეთ, ჩამოსულების დიდი ნაწილი არ აღიარებს, რომ რუსეთი ოკუპანტია. ამაზე დასმულ კითხვას თავს არიდებენ. ამის გარდა, თითქმის ყოველდღიურად ვიგებთ ამბებს, როგორ იტაცებენ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჩვენს მოქალაქეებს რუსული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. ეს პროცესები სინქრონულად ვითარდება: ჩამოდიან რუსები, ქორწილებს იხდიან, დროს ატარებენ და მშვენივრად გრძნობენ თავს მაშინ, როცა მათი თანამოძმეები ჩვენივე ქვეყანაში იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს, და ეს არის ვითარება, როდესაც საქართველოს ხელისუფლება სრულიად უმწეოა. რაც ყველაზე სავალალოა, ისე იქცევა, ჩვენი ქვეყანა ამ მძიმე პროცესში რუსეთთან პირისპირ მარტო რჩება. დასავლელი პარტნიორები ხედავენ, რომ საქართველო ნელ-ნელა ხდება რუსეთის ნავსაყუდელი, რომელიც მალე რუსული ინტერესების გამტარებლად შეიძლება იქცეს… ამ რეალობაში საქართველო თუ მართლაც მარტო დარჩა რუსეთის პირისპირ, ეს შეიძლება ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის კატასტროფად იქცეს. რუსეთი აუცილებლად დამარცხდება უკრაინაში, მაგრამ ამის მერე საქართველოსთან დაკავშირებით რას იზამს, არავინ იცის.

ჩემი აზრით, ევროკავშირის წევრობის სტატუსი პოლიტიკური საკითხია და არა ინსტიტუციური. ამიტომაც საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს სტატუსი, რაც იქნება ნიშანი, რომ ევროკავშირს არ მიუტოვებია ქართველი ხალხი. სტატუსის არმიცემით არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ. მეტიც, ეს გაზრდის ხალხის ნიჰილიზმს. ევროკავშირის წევრებმა შეიძლება მიიჩნიონ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამით დასჯიან, მაგრამ დასჯაზე მეტად, მისცემენ იმის საფუძველს, რომ ევროპა და დასავლეთი მეტად აკრიტიკონ და ქართველი ხალხის ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას უფრო შეურყიონ საფუძველი. ვფიქრობ, ეს საშიშროება ესმით ევროკავშირში. მე თუ მკითხავდა ვინმე, უკეთესი იქნებოდა, თუ დაჩქარებულად მოგვცემდნენ სტატუსს…

გაიხსენეთ მოლდოვა – ეს ქვეყანა 1994 წლიდან დღემდე ნეიტრალური სახელმწიფოა და რა, ამით მისი ტერიტორიული მთლიანობა აღდგა? უკრაინა დაარსების დღიდან 2014 წლამდე სწორედ ნეიტრალურ პოზიციაზე იყო, მაგრამ იძულებული გახდა ამაზე უარი ეთქვა, რადგან რუსეთმა მისი ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია. ნეიტრალიტეტმა მოლდოვასა და უკრაინას მხოლოდ რღვევა მოუტანა.

როდესაც რუსეთმა საქართველოს კონფლიქტები წაახალისა, ჩვენთან ნატოსა და ევროკავშირზე ვინმე ლაპარაკობდა? – არა, მაგრამ აფხაზეთიც მოხდა და სამაჩაბლოც. რუსებმა ნაღმები მიზანმიმართულად ააფეთქეს და ეთნიკური წმენდაც მოგვიწყვეს. რუსეთი არავის არაფერს დაუბრუნებს, თუ არ წაჰგლეჯს, მით უფრო, რომ რუსეთის მიზანია ნეოკოლონიური იმპერიის შექმნა. პუტინს ამის დაწყება წარმოედგინა რუსეთ-უკრაინა-ბელარუსის ერთობით, რაც არ გამოუვიდა. საქართველოსთან დაკავშირებით რაც ხდება, ეს არის სწორედ ამ მცდელობის გაგრძელება – საქართველოს მიწებება რუსულ სოციალურ-ეკონომიკურ სივრცესთან ისე, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს უუნარო, რუსეთზე ჩამოკიდებული ქვეყანა, რომელსაც რასაც უნდა, იმას უზამს. ჩათვალეთ, რომ რუსეთმა შეიძლება ყველაფერი მოინდომოს, რაც მის ინტერესში იქნება. არ გამოვრიცხავ, როგორც გავრილოვმა გვითხრა, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაც სცადონ. თუ საქართველოს ხელისუფლება ამასაც დათანხმდა, გამოდის, ვაღიარებთ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვას. შეწყვეტილი რომ არ გვქონდეს, შეიძლება სხვა რეალობა ყოფილიყო, მაგრამ ამ ვითარებაში, თუ ოკუპანტ სახელმწიფოსთან აღადგენ დიპლომატიურ ურთიერთობას, ეს იქნება ოკუპაციის დაკანონება”,- განაცხადა კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები