რუსუდან ხიზანიშვილის „მედეას” სიცილიაში ეცნობიან
სიცილიის ქალაქი სირაკუზა, რომელიც მდიდარია თავისი არქეოლოგიური არტეფაქტებით, რომაული ამფითეატრითა და ანტიკური ხანის თეატრით, ყოველ წელს ათასობით ადამიანს იზიდავს როგორც იტალიის სხვა მხარეებიდან, ასევე მთელი მსოფლიოდან.
წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებით დატვირთული იქნება ანტიკური დრამის ნაციონალური ინსტიტუტის (INDA) მიერ მხარდაჭერილი მასშტაბური სამხატვრო და თეატრალური პროექტების გამო. ევრიპიდეს „მედეას” ანტიკური თეატრის 4600-კაციანი აუდიტორიის წინაშე ზაფხულის განმავლობაში რამდენჯერმე წარმოადგენს იტალიური დასი. რეჟისორ ფედერიკო ტიეცის სპექტაკლი ამ დღეებში უკვე ნახა მაყურებელმა და კრიტიკის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა რეჟისორისა და მთელი შემოქმედებითი გუნდის ნაშრომმა. განსაკუთრებით გამოყოფენ ლაურა მარინონის მედეას. გამოჩენილმა ბრიტანელმა თეატრის კრიტიკოსმა მაიკლ ბილინგტონმა ეს ვერსია ამ პიესის ბოლო ათწლეულის საუკეთესო დადგმად აღიარა.
სირაკუზას Antico Mercato Ortigia-ს საგამოფენო სივრცეში კი 5 მაისს გაიხსნა ვრცელი გამოფენა „მედეა”, რომელიც 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. ექსპოზიციის კურატორია დემეტრეო პაპარონი, წამყვანი იტალიელი არტკრიტიკოსი და უამრავი წარმატებული საგამოფენო პროექტის ავტორი. მედეას თემაზე სურათების შესაქმნელად მან 17 მხატვარს მიმართა ჩრდილო ევროპიდან-ჩინეთამდე, კავკასიის რეგიონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე, ასევე – იტალიელ არტისტებს. თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ დღეს ბერძნული მითოლოგიის ყველაზე ცნობილი და საკამათო ხასიათი, რამდენად ეხმიანება იგი თანამედროვე ადამიანის შეგრძნებებსა და გარემომცველ რეალობას.
იტალიელმა კურატორმა პაპარონიმ ეს გამოფენა ვერ წარმოიდგინა ქართველი მხატვარი ქალის გარეშე, საკმაო კვლევა-ძიების შემდეგ მან არჩევანი გააკეთა რუსუდან ხიზანიშვილზე, ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე საყურადღებო ქართველ ხელოვანზე, რომელიც საერთაშორისო არტარენაზე დღესდღეობით ასე მკაფიოდ ჩანს (ის გახლავთ ბერლინის Kornfeld Galerie-ს მხატვარი).
„მედეა, პიესა სამ აქტად” – ასე დაარქვა რუსუდანმა თავის მონუმენურ ტილოს (200X300 სმ), რომელიც სამ ნაწილად არის დაყოფილი. რუსუდანთან ერთად გამოფენილია მარგო ბრიკლერის, ჩიარა კალორეს, ჩიან დეირიტის, ჰელგი ფრიდჯონსონის, ფრანჩესკო დე გრანდის, სვერე მალინგის, რაფაელ მეგალის, რუბენ პანგის, დანიელ პიტინის, ნაზარენა პოლი მარამოტის, ვერა პორტატადინოს, ნიკოლა სამორის, ნატეე უტარიტის, რუპრეხტ ვონ კაუფმანის, ვანგ გუანგის და იუე მინჯუნის ნამუშევრები.
გამოფენას მიეძღვნა საგანგებო კატალოგი, რომელიც ევროპის ლიდერმა სახელოვნებო გამომცემლობა Skira-მ დაბეჭდა.
იგი იხსნება დემეტრეო პაპარონის ესეთი, აქვე გაეცნობით არტ-კრიტიკოსების: რობერტო ალაჯმოსა და ტიციანო სკარპას, ასევე გამოფენის მონაწილე მხატვრების ტექსტებს. მოგეხსენებათ, რა ვრცელია მსოფლიო მხატვრობაში მედეას მითის იკონოგრაფიული რეპერტუარი.
ამდენად, კატალოგის შემდგენელმა საჭიროდ ჩათვალა, საზოგადოებისთვის შეეხსენებინა ზოგიერთი მათგანი: არტემიზია ჯენტილესკის, რუბენსის, ეჟენ დელაკრუას, ანსელმ ფოიერბახის, უილიამ რასელ ფრინტის, ჯორჯ რომნის, ფრედერიკ სანდის, იოჰან ჰენრიხ ფიუსლის, გუსტავ მოროს, უილიამ თერნერის, ჯონ უილიამ ვოთერჰაუსის, პოლ სეზანის ნამუშევრები, რათა მათი და წინამდებარე გამოფენის გაცნობით მედეას მხატვრულად ასახვის ხუთ საუკუნეს გავადევნოთ თვალი…
რუსუდან ხიზანიშვილი პირადად დაესწრო „მედეას“ ექსპოზიციის გახსნას სარაკუზაში და სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა დამთვალიერებლის სიჭარბით.
ამდენი ხალხი მხოლოდ ვენეციის ბიენალეზე მინახავსო, ამბობს რუსუდანი.
„ორი თვე მოვანდომე მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე პირველი ფემინისტი ქალის ფერწერულ ამეტყველებას, ჩემი ტილო წარსულის, აწმყოს და პირობითი მომავლის სამ აქტს ასახავს, იგი შევასრულე სპარსული ხალიჩის სტილიზაციაში. სურათის ცენტრალური ნაწილი ასახავს მედეს აწმყოს, მის გაორმაგებულ, გაძლიერებული ფიგურას, რომელიც სრულიად არის დაფარული საკუთარი თმით – ულევი ძალით და სიბრძნით”, – ასე აღწერს მხატვარი თავის დამოკიდებულებას მედეას მომნუსხველი, შემაძრწუნებელი, საკამათო და ძლევამოსილი მითის მიმართ.
გამოფენა „მედეას” მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში კიდევ ათასობით მნახველი ეყოლება სირაკუზაში. ასეთი წარმატებული თანამედროვე მხატვრების გარემოცვაში რუსუდან ხიზანიშვილის ხილვა ნამდვილად სასიხარულო მოვლენაა, რომელიც ქართული სახვითი სკოლის სიძლიერეს წარმოაჩენს.
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან