რა გახდა გორში 4 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მოკვლევა ჩაატარა

გორში 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მოკვლევა ჩაატარა და გამოიკვეთა, რომ ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილას გართულება გახდა, – ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მარი გიუნაშვილმა განაცხადა.

გიუნაშვილის განცხადებით, მომხდარის მოკვლევას, სავარაუდოდ, დაიწყებს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოც.

„4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ჩაატარა მოკვლევა და გამოიკვეთა, რომ სწორედ ჩუტყვავილას გართულება გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. მოკვლევის პროცესში ხდება დეტალების დაზუსტება – გარდაცვალებამდე ბავშვის მდგომარეობის, კლინიკაში ვიზიტების, მიმართვიანობის ინტენსივობის, კონკრეტულ ექიმთან – ნინიაშვილთან კონსულტაციების, ბავშვის აცრების სტატუსის შესახებ და ა.შ. დადგინდება ყველა დეტალი. ფაქტის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა სრული ინფორმაცია მიაწოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. რაც შეეხება რეგულირების სააგენტოს, სავარაუდოდ, მოკვლევას დაიწყებს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოც“, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ გორში 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გუშინ გარდაიცვალა. მცირეწლოვნის ოჯახი და ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ პედიატრ ნანა ნინიაშვილის არაკვალიფიციურობამ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, რაც, შემდგომ, ლეტალური შედეგით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები