გიორგი ცუცქირიძე: ქართულ ოპოზიციას 2024 წელს შანსი პრაქტიკულად არ აქვს – მოსახლეობისათვის შესათავაზებელი არაფერი აქვთ

თურქეთის ოპოზიციას გამარჯვების ასეთი შანსი წინა არჩევნებში არ ჰქონია, ამჯერად წესით მის მხარეს უნდა ყოფილიყო ბოლო 2 წლის ეკონომიკური კრიზისის ზეგავლენა, გაზრდილი უმუშევრობა, მაღალი ინფლაცია და ლირას მკვეთრი გაუფასურება. ამას დავუმატოთ თავად ერდოღანის ფიზიკური მდგომარეობა, ასაკი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი ცუცქირიძე თურქეთში ჩატარებულ არჩევნებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თურქეთის გაკვეთილები აჩვენებს, რომ აქ შანსი ქართულ ოპოზიციას 2024 წელს პრაქტიკულად არა აქვს მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი მედია პლატფორმაც აქვს და სოციალური ქსელების მოდერაციაც.

„თანამედროვე ციფროვიზაციის ეპოქაში, სადაც ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას ან ჯგუფს თავისუფლად შეუძლია საკუთარი შეთავაზებები და სტრატეგიული ხედვები ელექტორატს სოციალური ქსელებით ან ინტერნეტ და მობაილ პლატფორმებით შესთავაზოს, დღის წესრიგში აყენებს პოლიტიკური მარკეტინგის ეფექტურობის თემატიკას.

ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური იმ ქვეყნებში დგას, სადაც ოპოზიციას არა თუ შეზღუდული აქვს, არამედ საკუთარი ტელესივრცე აქვს წამყვან პოლიტიკურ ინსტრუმენტად.

დემოკრატიის ხარისხიც მნიშვნელოვანწილად ოპოზიციის მედია პლატფორმას უკავშირდება, თუ რამდენად თავისუფლად აქვს მას შესაძლებლობა არჩევნებიდან არჩევნებამდე ანუ წინასაარჩევნო პერიოდებში ჰქონდეს წვდომა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან. აქ სპეციალურად არ ვეხები ე.წ დახურული დემოკრატიის ქვეყნებს – ჩრდილოეთ კორეას, ერაყს, ირანს, ბელარუსს, სამხრეთ ამერიკის და აფრიკის რამდენიმე ქვეყანას და პუტინისტურ რუსეთს.

ყველაზე ქრესტომათიული ისტორია არის იგივე თურქეთი. თურქეთში უკვე მესამე არჩევნებია, ოპოზიცია აგებს უშანსოდ ერდოღანთან, მიუხედავად იმისა, რომ წინა არჩევნებში და დღესაც მას მხარს უჭერს მსხვილი ქალაქები, განსხვავებით პროვინციებისგან. ეს ამ ბოლო არჩევნებმაც გვიჩვენა. ჩავთვალოთ, რომ ერდოღანმა ეს არჩევნებიც მოიგო, რადგან 6 %-იანი სხვაობა ამოსაქაჩად ცოტა არ არის და მეორეც, მას სულ რაღაც 0.6 % დააკლდა პირველივე ტურში გასამარჯვებლად.

თურქეთის ოპოზიციას გამარჯვების ასეთი შანსი წინა არჩევნებში არ ჰქონია, ამჯერად წესით მის მხარეს უნდა ყოფილიყო ბოლო 2 წლის ეკონომიკური კრიზისის ზეგავლენა, გაზრდილი უმუშევრობა, მაღალი ინფლაცია და ლირას მკვეთრი გაუფასურება. ამას დავუმატოთ თავად ერდოღანის ფიზიკური მდგომარეობა, ასაკი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევებით ოპოზიციის საერთო კანდიდატი უგებდა ერდოღანს, მართალი აღმოჩნდა იმ ექსპერტთა ნაწილის პოზიცია, რომლებიც ოპოზიციის მთავარ სისუსტეს საერთო ოპოზიციური კანდიდატის ქარიზმის ნაკლებობას მიიჩნევდნენ, რადიკალური ცვლილებების დაანონსებასთან ერთად. ერდოღანს სხვა ბევრი რამ შეიძლება დააბრალო, გარდა ქარიზმის ნაკლებობისა.

თურქეთის მაგალითმაც აჩვენა, რომ როდესაც არსებული სისტემის ფაქტიურ დემონტაჟზე მიდიხარ და ცვლილებად პაკეტს სთავაზობ უნდა გაითვალისწინო ელექტორატის ის ნაწილი რომელმაც ამ ცვლილებებით შეიძლება ბევრი რამ დაკარგოს. თავის დროზე ეს პრობლემა საქართველოშიც იდგა, მართალია ნაციონალურმა მოძრაობამ მოიგო არჩევნები, მაგრამ შემდეგ სწორედ მათ მიერ გარიყულმა და როგორც მათ ლიდერს უყვარდა თქმა საზოგადოების იმ “ჩარეცხილმა” ნაწილმა გამოუყვანა წირვა და გაუშვა ისტორიულ სანაგვეზე.

ნაციონალების მარცხის მთავარი შეგონება, არის ის, რომ  არ შეიძლება “დიადი მიზნები” და რეფორმები ცალკეული ადამიანების და ოჯახების ტრაგედიად აქციო, თუ ამ ადამიანებს ალტერნატივას არ შესთავაზებ. სურამის ციხის ამბავი სხვა რამეზე კი არა არის აგებული.

როდესაც სისტემის დემონტაჟზე მიდიხარ, ჩნდება კითხვები და ამ კითხვებზე პასუხი უნდა გქონდეს. ცნობილია, რომ დიდი ცვლილებები ხშირად დიდ რყევებთანაც არის დაკავშირებული, განსაკუთრებით გლობალური ცვლილებების პერიოდში.

მეტ ნაკლებად დემოკრატიულ საზოგადოებებში არჩევნების ბედსაც საბოლოოდ მოსახლეობის განწყობა წყვეტს და ამ განწყობას სწორედ პოლიტიკური მარკეტინგი ქმნის დიდწილად.

მთავარი დასკვნა თუ რატომ წააგო თურქეთის გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქ არის საძიებელი, მან ვერ შეძლო გაეზარდა რეგიონებში მხარდამჭერთა ბაზა ანუ სათანადოდ ვერ მიიტანა მათთან თავისი სათქმელი, მიუხედავად იმისა, რომ დასავლური მედიის სიმპათიები  მთლიანად მათ მხარეს იყო და გამარჯვებასაც უწინასწარმეტყველებდა.

ოპოზიციაზე არ იმუშავებს მესამე ადგილზე გასული ნაციონალისტურ პლატფორმაზე მდგარი კანდიდატის მოწოდებაც მხარდამჭერებისადმი მეორე ტურში მხარი ოპოზიციურ კანდიდატს ქემალ ქილიჩდაროღლუს დაუჭირონ. რადგან თურქული ოპოზიცია ისეთივე ჭრელია როგორც ქართული, სადაც მემარცხენეებიც არის და მემარჯვენეებიც და საეჭვოა თურქმა ნაციონალისტურმა საზოგადოებამ მხარი ლიბერალებს დაუჭირონ.

თურქეთის გაკვეთილები აჩვენებს, რომ აქ შანსი ქართულ ოპოზიციას 2024 წელს პრაქტიკულად არა აქვს მიუხედავად იმისა, რომ  საკუთარი მედია პლატფორმაც აქვს და სოციალური ქსელების მოდერაციაც.

თუმცა,  თურქეთისგან განსხვავებით არც საერთო რეიტინგული კანდიდატი ჰყავთ და რაც მთავარია მათი დაღმადასული რეიტინგები იდეათა სიმწირეზე უფრო მიუთითებს, როდესაც საკუთარი მოსახლეობისათვის შესათავაზებელი არაფერი გაქვს მხოლოდ სენსაციების ძიებით და ხელისუფლების ყველა ხერხით გაშავების მცდელობით, და ალტერნატივის ვერ ჩვენებით არაფერი გამოვა. ამიტომაც არის, რომ საპროტესტოდ აგორებული მთავარი ამბავიც კი პრაქტიკულად იმ დღესვე ორთქლდება. მოკლედ როდესაც უკვე ათი წელია ყველა არჩევნებს უშანსოდ აგებ, არც პოლიტიკური მარკეტინგი გივარგა და თავადაც წარსულისგან ვერაფერს სწავლობ, სახლში უნდა წახვიდე, რადგან კვლევებიც პოლიტ მარკეტინგის ნაწილია, ელექტორატთან მუშაობა, მესიჯბოქსებიც და ქარიზმატული ლიდერის არჩევაც!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები