პარლამენტმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.
ცვლილებების თანახმად, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ანგარიშვალდებულ პირს შესაძლებლობა ექნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად, შეაჩეროს პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პროცესი და აცნობოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.
სამსახური ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ჩაატარებს ოპერაციულ და სტრატეგიულ ანალიზს. საჭიროების შემთხვევაში, სამსახური სტრატეგიული ანალიზის შედეგებს გაუზიარებს საზედამხედველო ორგანოს, გენერალურ პროკურატურას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს ან/და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.