რატომ გაწირა სააკაშვილმა მერაბიშვილი-ახალაია და რატომ იცავს ადეიშვილი-კეზერაშვილს?

   რატომ გაწირა მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია მაშინ, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი კბილებით იცავს დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს? ამის შესახებ გაზეთი „ქრონიკა პლიუსი“ სტატიას აქვეყნებს.
როგორც ვახტანგ მაისაია გაზეთთან ინტერვიუში აღნიშნავს, დავით კეზერაშვილის დაცვის სანაცვლოდ სააკაშვილი საკუთარი საერთაშორისო იმიჯის შებღალვასაც არ მოერიდა, ხოლო მერაბიშვილი მას ამად არ უღირდა. მაისაიას თქმით, კეზერაშვილი მარსელში საკმაოდ დიდი ოდენობის ქეში ფულის გადატანის ბრალდებით დააპატიმრეს, ხოლო სააკაშვილმა წერილიც კი აფრინა საფრანგეთში, სადაც ის წერს, რომ ეს თანხა არის „ნაცმოძრაობის“ საკუთრება.
„შავი ფულით ხდებოდა პარტიის დაფინანსება. ამიტომაც ვამბობ, სააკაშვილმა კეზერაშვილის გამო იმიჯიც კი დააყენა ეჭვქვეშ, მაგრამ ეს ამად უღირდა. ვანო კი არ უღირდა. ის სააკაშვილისთვის ბალასტს წარმოადგენდა, რომელიც ყოველთვის უქმნიდა პრობლემებს. ვანო თავიდან კარგი შემსრულებელი იყო, მაგრამ მერე ამბიცია გაუჩნდა. ამიტომ ჩაანაცვლა მიშამ იგი შს მინისტრის პოსტზე უფრო ერთგული ახალაიათი. „ნაცმოძრაობა“ პარალიზებული იყო პრორუსულ და პროატლანტიკურ ორიენტაციებზე. სააკაშვილი ორი მხარის თამაშს ედგა სათავეში: ვანოს ხელით რუსულ თამაშს თამაშობდა, ბოკერიას ხელით – ატლანტიკურს. ვანო, რომ ბოკერისგან განსხვავებით პრორუსული მიმართულების იყო, ამას „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებიც ადასტურებენ,“ – ამბობს ვახტანგ მაისაია.
მაისაია ასევე აღნიშნავს, რომ ახალაია სააკაშვილის ხელის ბიჭი და ჯალათი იყო, სააკაშვილისთვის კი ჯალათისა და პრორუსული ორიენტაციის ადამიანის დაცვა იმიჯის შემლახველი გარემოება იქნებოდა. მაისაიას განცხადებით, კეზერაშვილს და ადეიშვილს ყოფილი პრეზიდენტი ყოველთვის აქტიურად დაიცავს, რადგან კეზერაშვილი მისი დამფინანსებელია, ხოლო ადეიშვილი – მისი ხერხემალი და ტვინი.
„კეზერაშვილს ჰქონდა კავშირები საერთაშორისო საფინანსო დაჯგუფებასთან, მათ შორის, ებრაული წარმომავლობის ბიზნესმენებთან, ამიტომ სააკაშვილი ბოლომდე იბრძოლებს მის გადასარჩენად. რაც შეეხება ადეიშვილს, რეალურად სწორედ ეს ადამიანი იყო სააკაშვილის ხერხემალი და ტვინი. როცა პარლამენტში მიშა იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ადეიშვილი წამყვანი სპეციალისტი იყო. ეს ორი ღირებული ადამიანი გააქცია ქვეყნიდან სააკაშვილმა სასწრაფოდ და ახლა მათ უცხოეთში აქტიურად იცავს,“ – აღნიშნავს ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები