დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” კანონპროექტს და სარატიფიკაციო დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა.
პარლამენტის ინფორმაციით, მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი ადგენს სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში შემავალი ორგანოების უფლებებსა და მოვალეობებს, მათი მოქმედების სფეროებს, სტატისტიკის შემუშავების, წარმოებისა და გავრცელების ძირითად პრინციპებს.
განსაზღვრავს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პროფესიულ დამოუკიდებლობას და მოწინავე როლს სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში. კანონპროექტი არეგულირებს სტატისტიკის მწარმოებლების წვდომას ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებთან და მათ გამოყენებას სტატისტიკური მიზნებისთვის. ასევე განსაზღვრავს რესპონდენტების მოვალეობებს და უზრუნველყოფს მათი უფლებებისა და კონფიდენციალური მონაცემების დაცვას. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღებით ჩვენი კანონმდებლობა კიდევ უფრო დაუახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს და ევროპულ კანონმდებლობას. ასევე შესრულდება 2020-2023 წლების საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის ვალდებულებები. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს და მის თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებს. კომიტეტმა სხდომაზე მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილ საერთაშორისო შეთანხმებებზე იმსჯელა.
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის პირველი ოპერაცია)”, რომელსაც 2023 წლის 31 მარტს მოეწერა ხელი, ითვალისწინებს საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის პირველი ოპერაციის (DPO) განხორციელებას. ამ მიზნით სასესხო შეთანხმების ფარგლებში მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის გამოყოფს 46 მლნ. 200 ათას ევროს. აღნიშნული თანხა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც მოხმარდება კლიმატის ცვლილებების კუთხით არსებული ვალდებულებების შესრულებას, როგორიცაა ტყის მდგრადი მართვა, სამრეწველო ემისიების მართვა და განახლებადი ენერგიების წარმოება. ასევე, პირობითი ვალდებულებებისა და ფისკალური რისკების შერბილებას, მიწაზე, წყალსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. პროგრამას განახორციელებენ ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები, ეროვნული ბანკი და რეესტრის ეროვნული სააგენტო.
კიდევ ერთი სარატიფიკაციო დოკუმენტი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი)” წარმოადგენს სასესხო შეთანხმებას, რომელიც საქართველოსათვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოსთვის 69 მლნ ევროს სესხის სახით გამოყოფას ითვალისწინებს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტების მხარდაჭერისათვის.