“საქართველოში ტურისტულმა ნაკადმა შესაძლოა, 2018 წლის მაჩვენებელს გადააჭარბოს, მაშინ 1,2 მილიონი რუსი ტურისტი ჩავიდა” – რუსეთის ტურინდუსტრია

რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის (PCT) ვიცეპრეზიდენტმა, ილია უმანსკიმ განაცხადა, რომ, საქართველოსთან ავიამიმოსვლის და სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, რესპუბლიკაში ჩამსვლელთა რაოდენობამ შესაძლოა, 2018 წლის მაჩვენებელს გადააჭარბოს.

ამის შესახებ მან რუსულ მედიას განუცხადა.

„საქართველოში ნაკადი პოტენციურად შესაძლოა, ძალიან დიდი იყოს და გადააჭარბოს 2018 წლის მაჩვენებლებს, მაშინ ტურისტულმა ნაკადმა 1,2 მლნ ადამიანი შეადგინა. ამისთვის ხელის შეშლა მხოლოდ ორ რამეს შეუძლია: იმ რეისების რაოდენობას, რომლებსაც შეუძლიათ საზღვარგარეთ ფრენა, ვინაიდან, ჯერჯერობით, გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ორმაგი რეგისტრაციით რუსულ თვითმფრინავებთან დაკავშირებით და მეორე, განთავსების ადგილების მოცულობა”, – თქვა მან.

უმანსკი ამბობს, რომ საქართველოში ოთახების რაოდენობა შეზღუდულია, სასტუმროებმა, რომლებმაც რუსი ტურისტები დაკარგეს, ისინი უცხოელებით ჩაანაცვლეს.

„უკვე მაისში შედგა ძირითადი კონტრაქტები ტურისტულ კომპანიებთან და ბაზრებზე, რომლებიც ორიენტირებული არიან ქართულ ტურისტულ პროდუქტზე. ამიტომ, ახლა რთულია სასტუმროს დამატებითი ნომრების აღება. ეს შემზღუდველი ფაქტორები დიდ გავლენას მოახდენს ტურისტული ნაკადის პოტენციალზე“, – განმარტა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები