ნიკოლოზ სამხარაძე – სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე: რუსეთი ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს

მინდა, როგორც ჩვენს საზოგადოებას, ასევე ევროპელ პარტნიორებს მოვუწოდო, დააკვირდნენ იმ დროს და მომენტს, რომელიც შეარჩია რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს.

„მინდა, როგორც ჩვენს საზოგადოებას, ასევე ევროპელ პარტნიორებს მოვუწოდო, დააკვირდნენ იმ დროს და მომენტს, რომელიც შეარჩია რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით. რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს, რადგან უნდა, შექმნას ისეთი იმიჯი, თითქოს საქართველო ახლოს თანამშრომლობს რუსეთთან. ამიტომ, როგორც ჩვენმა საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა ეს ნაბიჯი ახლა, ამ მომენტში, 20 წლის თავზე და რა იყო ის პირობები, რამაც რუსეთის ხელისუფლებას უბიძგა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეემსუბუქებინა. რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რაშიც ჩვენ არ ჩავრეულვართ, ეს არ იყო არც ჩვენი მოთხოვნა და არც ჩვენი სურვილი, თუმცა მათ იმ დროს, როცა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება და საქართველომ უნდა გადადგას ახალი ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რატომღაც, რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 20 წლის განმავლობაში ნაწარმოები პოლიტიკა შეეცვალა და სავიზო რეჟიმი გაეუქმებინა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები