შალვა პაპუაშვილი: პარლამენტი საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედებს და მის უფლებამოსილებაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, ცესკოს შემთხვევაშიც ასე იქნება

მნიშვნელოვანია, მივიღოთ ისეთი წესები, რომლებიც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრის კანდიდატთა შერჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ აქამდე მოქმედმა წესმა არ გაამართლა.

„2021 წელს საარჩევნო რეფორმა როცა მიმდინარეობდა, მაშინაც ვამბობდით, რომ ხელოვნური წესი იყო, რომელიც პრაქტიკაში არ იმუშავებდა. მიდგომა, რომ კვალიფიციური უმრავლესობა არის პანაცეა კონსენსუსის მიღწევისკენ, პრაქტიკამ დაადასტურა, რომ ეს არის ტყუილი. ვნახეთ, რომ არ გაამართლა ექსპერიმენტმა და მნიშვნელოვანია, მივიღოთ ისეთი წესები, რომლებიც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია. რაღაც ახალი გადაწყვეტილებები არ უნდა მოვიფიქროთ. არ გვინდა, ისეთი განსხვავებული წესები გვქონდეს, რომლებიც ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას სცილდება და საქართველოსთვის გარკვეული ექსპერიმენტია. ამის გამართლებას ცდილობენ იმით, თითქოს საქართველოს სპეციფიკური გამოწვევები აქვს და უნდა მივიღოთ სპეციფიკური წესები, რომლებიც არსად არ არის. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს არ მუშაობს. ქართველი ხალხი ისეთივე დემოკრატიის მოყვარულია, როგორც ყველა სხვა ევროპული ხალხი. ის, რაც კარგია სხვა ქვეყნებში, კარგია საქართველოშიც. ამიტომ, შემოთავაზებული წესი სრულად ჯდება აპრობირებულ წესებთან, რაც სხვადასხვა ქვეყანაშია. პარლამენტს სრული მანდატი აქვს, აირჩიოს ცესკოს წევრები და ექსპერიმენტებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. საზოგადოებას შევახსენებ, რომ პარლამენტი ასახელებს, ირჩევს სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელს და ამ პროცესის მიმართ არანაირი კრიტიკა არ ყოფილა. პარლამენტი მოქმედებს საკუთარი პასუხისმგებლობით და პარლამენტის უფლებამოსილებაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. ასე იქნება ცესკოს შემთხვევაშიც. პარლამენტი საკუთარი პასუხისმგებლობით იმოქმედებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები