ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და შავ ზღვაზე გამავალი ენერგეტიკული კაბელის მრავალმილიარდიანი პროექტები ამ სახეშეცვლილი რეალობის მხოლოდ ცალკეული ანარეკლია, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
ცუცქირიძე რუსეთ-უკრაინის ომსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ომი, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენს გეოპოლიტიკურ დაპირისპირებას დასავლეთსა და რუსულ იმპერიალიზმს შორის, თავის ხანგრძლივობით არა ავღანეთის კონფლიქტს, არამედ უფრო მეტად ვიეტნამის ომს წააგავს.
„როგორც იუწყებიან, მსოფლიოში მესამე გადამზიდავმა კომპანიამ ამა წლის 20 აპრილს გაყიდა თავისი ბიზნესი რუსეთში.
ფრანგულმა CMA CGM Group-მა რუსული კონტეინერების ოპერატორ Logoper-ის წილი ნომინალური გადასახადით 1 ევროდ მიჰყიდა. უფრო ადრე საზღვაო კონტეინერების გადაზიდვების ლიდერმა MAERSK-მა გაყიდა რუსეთის კომპანიაში თავისი 30% წილი.
და ეს არ არის მხოლოდ ბიზნეს გარიგება, იგი პირდაპირ კავშირშია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების 18 მაისის შეხვედრასთან, და რომლის ერთ-ერთი წამყვანი თემაც რუსეთთან ვაჭრობის სრულ აკრძალვასთან არის დაკავშირებული. ეს ნიშნავს, რომ გარდა სურსათის და მედიკამენტებისა აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი და იაპონია ექსპორტ-იმპორტს შეაჩერებენ რუსეთთან. ეს ფაქტი არ არის შემთხვევითი და პირდაპირ კავშირშია ერთის მხრივ რუსული ანუ ჩრდილოეთ დერეფნის ეროზიასთან და ამ დერეფნებში ტვირთბრუნვების განულებასთან და მეორეს მხრივ, ევროპის რუსულ ენერგო დამოკიდებულების მინიმუმამდე დაყვანასთან.
თუ გავითვალისწინებთ, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნების ეკონომიკა აშშ – $23.3 ტრლნ, იაპონია – $4.9 ტრლნ, გერმანია – $4.3 ტრლნ, გაერთიანებული სამეფო – $3.1 ტრლნ, საფრანგეთი – $3 ტრლნ, იტალია – $2.1 ტრლნ და კანადა – $2 ტრლნ მსოფლიო გლობალური ეკონომიკის 40 %-ზე მეტს შეადგენს, ხოლო საპირისპიროდ რუსეთის ეკონომიკის მოცულობა არის სულ რაღაც $ 1.8 ტრლნ, 2023 წელს ისედაც 1 %-ზე ნაკლები ზრდის პროგნოზია სსფ და მსოფლიო ბანკის მხრიდან.
უმსხვილესი დასავლური ტრანსნაციონალური გიგანტების მიერ რუსეთის ბაზრიდან გასვლა, და ამ გასვლის დროში გაწელვა ვერ იქნება მოკლევადიანი სტრატეგიის ნაწილი. ყველაფერი მიუთითებს უკრაინული საჭადრაკო გამბიტის გრძელვადიან ხასიათზე. ეს ომი ვერც ერთ და ვერც ორ წელიწადში ვერ დასრულდება, ეს არის უბრალოდ ილუზია და თქვენ წარმოიდგინეთ უკრაინის არმიამ ამ ზაფხულს კონტრშეტევის შედეგად ყირიმზე კონტროლიც, რომ დაამყაროს.
ეს ომი რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენს გეოპოლიტიკურ დაპირისპირებას დასავლეთსა და რუსულ იმპერიალიზმს შორის, თავის ხანგრძლივობით არა ავღანეთის კონფლიქტს, არამედ უფრო მეტად ვიეტნამის ომს წააგავს, და მაშინაც ბევრს ეგონა, რომ იგი მოკლე დროში დასრულდებოდა. არადა თითქმის ათი წელიც კი გაგრძელდა.
მე არ ვიხრები არსებული სცენარის ვიეტნამთან კოპირებისაკენ, თუმცა ამ საბრძოლო მოქმედებათა თეატრში ყველა წამყვან აქტორს საკუთარი ინტერესები ამოძრავებს. ეს არ ეხება მხოლოდ აშშ-ს ან ბრიტანეთს, ან თუნდაც კონტინენტური ევროპის ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც საფრანგეთი და გერმანიაა, თავის ინტერესები აქვს ბუნებრივია ჩინეთსაც, ისრაელსაც და პოლონეთსაც, უნგრეთის ჩათვლით და არა მხოლოდ მათ…
სწორედ ამ გლობალური ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოუდგენლად მოჩანს ან დაზავება ან რომელიმე მხარის დამარცხება მოკლე ვადიან პერსპექტივაში. ბუნებრივია, კოლექტიური დასავლეთის ინტერესები საბოლოოდ რუსეთის ეკონომიკის და სამხედრო პოტენციალის გამოფიტვაზეა აგებული, რაც ასევე საეჭვოა მოკლე დროში მოხდეს. იმისათვის, რომ რუსეთში მომზადდეს პოსტპუტინისტური პერიოდი ამას სჭირდება დრო და ომის დამთავრებაც ჩემი შეფასებით სწორედ ამ მოცემულობაზე გადის.
ამასთან, დაპირისპირებული მხარეების სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები საბრუნავი კაპიტალის გაზრდას მხოლოდ ახლა იწყებენ და თუ როგორი იქნება მათი ზრდის დინამიკა, ამ ომის თავისებური ინდიკატორიც იქნება. ერთწლიან პერსპექტივაზე არცერთი მსხვილი სამხედრო მრეწველობა ახალ კაპიტალდაბანდებებს არ განახორციელებს.
ჩვენთვის საინტერესო უფრო ის უნდა იყოს, რომ რუსეთის საერთაშორისო გადაზიდვების ალტერნატიული გზა შუა დერეფანზე ანუ საქართველოზე გადის. დღეს საქართველოს ფსონი კიდევ უფრო გაზრდილია, ვიდრე თუნდაც გასულ წელს იყო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და შავ ზღვაზე გამავალი ენერგეტიკული კაბელის მრავალმილიარდიანი პროექტები ამ სახეშეცვლილი რეალობის მხოლოდ ცალკეული ანარეკლია.
თურქეთის საყოველთაო არჩევნებამდე, რომელიც დაგეგმილია 2023 წლის 14 მაისს, ანუ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, იმის დაშვებას აძლიერებს, რომ ერდოღანი დიდი ალბათობით, ამ არჩევნებს წააგებს გაერთიანებულ ოპოზიციასთან და მიმდინარე გამოკითხვებიც ამ მოსალოდნელი რეალობის მიმანიშნებელია. თურქეთის ოპოზიცია, მათი ძირითადად წინასაარჩევნო სლოგანებიდან გამომდინარე, გაცილებით მეტ ანგარიშს გაუწევს დასავლეთს, ვიდრე ერდოღანის პოლიტიკური „სუვერენიზაცია“ ითვალისწინებდა. ბუნებრივია, რუსეთთან კავშირებს ერთდროულად არ გაწყვეტენ, მაგრამ ახალი თურქული პოლიტიკა გაცილებით პრაგმატული იქნება.
ჩვენს ვარაუდს ამ ომის გახანგრძლივებაზე, სხვა გარემოებებიც ადასტურებს და თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ გეგმავს მონტრეს 1936 წლის ხელშეკრულების გაუქმებას, რაც ნიშნავს ნატოს გემების შავ ზღვაში შემოსვლას ყოველგვარი შეთანხმების გარეშე რუსეთთან და თურქეთთან, თურქეთის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება.
ბუნებრივია, თუ ერდოღანი ამ არჩევნებში დამარცხდა და გაიმარჯვა ოპოზიციურმა კოალიციამ უკვე ამ სცენარისას დიდი ალბათობით, როგორც ამ თემაზე წინა პოსტშიც აღვნიშნე, მონტრეს კონვენცია გადაიხედება. ბოსფორისა და დარდანელის ე.წ. გასაღები კი გადადის აშშ-ის ხელში, და ნატოც ფაქტობრივად აშშ-ის გეოპოლიტიკური ექსპანსიის ერთ-ერთი წამყვანი სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტი გახდება შავი ზღვის აუზში!
მოვლენათა განვითარების ეს სცენარი მნიშვნელოვანწილად შეცვლის პოლიტიკურ ვითარებას საქართველოში და მთლიანად რეგიონში, მათ შორის უკრაინის ფრონტზე.
სხვათა შორის დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამასწინანდელი უეცარი ვიზიტი და ამ ვიზიტის თემატიკის ფაქტობრივად დახურვა ისედაც ბევრ რამეზე მიუთითებს!
საქართველოს, როგორც შავი ზღვის აუზის ნაწილის და შუა დერეფნის კარიბჭის დატვირთვა არა თუ უბრალოდ ციფრებში გაიზრდება, არამედ გადავა ახალ გეოპოლიტიკურ განედზე, რა დროსაც ჩვენ გვექნება ისტორიული შანსი, გასული საუკუნის 20-იანი წლებისგან განსხვავებით, არა თუ ერთხელ და სამუდამოდ გავიდეთ ამ ბოლო ჭაობის რაშისტული სივრციდან, არამედ უახლოეს წლებში გავხდეთ ერთ-ერთი წარმატებული ევროპული ქვეყანა, ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული დოვლათით და ცხოვრების დონითაც!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.