ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.სასამართლომ ქრისტინე თაკალანძეს 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლოს ქრისტინე თაკალანძეს 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა, ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიაში გასაჩივრდეს.

24 წლის ქრისტინე თაკალანძე 2022 წლის 20 ივლისს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში “საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის” ბრალდებით დააკავეს. ​

ე.წ. წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ეჭვმიტანილი დანაშაულებრივ საქმიანობას 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის 20 ივლისამდე პერიოდში ახორციელებდა. 28 ივლისს კი სოხუმის ე.წ. საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ქრისტინე თაკალანძეს​ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც დაკავების დროს ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, ქრისტინე თაკალანძე, „საგარეო დაზვერვის დავალებით, საქართველოს სპეცსამსახურების ინტერესებით ნაკარნახევი მოტივით“ მოქმედებდა და ახორციელებდა „დანაშაულებრივ განზრახვას“, რომელიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო, სამხედრო ან სხვა სახის საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას, მოგროვებას და ქართული სპეცსამსახურებისთვის გადაცემას. ე.წ. უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ შესაძლებელი იყო, ეს ინფორმაცია აფხაზეთის საგარეო უსაფრთხოების, კონსტიტუციური წესრიგისა და სუვერენიტეტის საზიანოდ ყოფილიყო გამოყენებული.

დე ფაქტო ხელისუფლებამ ვიდეომასალაც გამოაქვეყნა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ ჩხრეკენ დაკავებულის პირად ნივთებს. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან, საბანკო და აფთიაქის ბარათებთან ერთად, ე.წ. სამართალდამცავები პატარა ქაღალდსაც აჩვენებენ, სადაც ქართულად წერია: „სადმე თუ წახვედი, გალში ან ზუგდიდში, ეს წამალი მომიტანე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები