“ნაცმოძრაობის“ რეგიონულ ორგანიზაციებში თავმჯდომარეების არჩევნები 20 მაისამდე დასრულდება” – ლევან ხაბეიშვილი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარტიის რეგიონულ ორგანიზაციებში თავმჯდომარეების არჩევნების ჩატარების თარიღი დაასახელა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს საბოლოო ფორმირებისა და ადგილებზე პარტიული ორგანიზაციების, სტრუქტურების საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად, ბოლო 2 კვირის განმავლობაში პარტიის ყველა დონეზე მიმდინარეობდა აქტიური კონსულტაციები. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას უსერიოზულესი პრობლემა, რომელიც უკავშირდება ოლიგარქიულ, „კლანურ“ მმართველობას. ასევე, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, პარტია იყოს გამართული, „ნაციონალურ მოძრაობა“ სტრუქტურულად ჩამოყალიბებული, გამართული რომელიც დაუპირისპირდება რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და ცხადია, იბრძოლებს პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებისთვის.
სწორედ ამიტომ, 19 აპრილს ჩვენ დავაანონსეთ და ვთქვით, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, ქალაქში, გაიმართება ღია, გამჭვირვალე არჩევნები და ასეთი იქნება 63, სადაც ადგილებზე ადგილობრივები პარტიის ხელმძღვანელებს აირჩევენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიღებულია გადაწყვეტილება და 20 მაისამდე ეს პროცესები უნდა დასრულდეს იმისთვის, რომ ჩვენ მზად ვიყოთ ყველა განვითარებული სცენარისთვის, როგორც ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში, ასევე, კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში. პარტია უნდა შეხვდეს გაძლიერებული და ყველანაირი არჩევნებით დასრულებული ამ პროცესს. ამიტომ, 4 მაისიდან 9 მაისამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში რაიონული, საქალაქო ორგანიზაციების პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატის მსურველებს ექნებათ რეგისტრაციის შესაძლებლობა. 63 მუნიციპალიტეტში, ქალაქში, რაიონში, ყველას, ვისაც აქვს სურვილი და პრეტენზია, რომ ადგილზე მართოს „ნაციონალური მოძრაობა“, 4 მაისიდან 9 მაისამდე შეუძლიათ განაცხადები შემოიტანონ. 9 მაისიდან 14 მაისამდე კანდიდატებს და ასევე ამომრჩევლებს შეეძლებათ გაიარონ რეგისტრაცია, როგორც ონლაინ, ასევე კანდიდატებს შეუძლიათ ე.წ. სამაგიდო სია პარტიაში წარმოადგინონ ფიზიკურად. ეს არჩევნები გაიმართება ნახევრად ელექტრონულად. რეგისტრაცია იქნება ელექტრონულიც და ფიზიკურადაც. შემდეგ უკვე ადგილზე, სადაც ჩვენ 45 ოფისი უკვე გავხსენით, არჩევნები გაიმართება. 14 მაისიდან 16 მაისამდე ყველა კანდიდატს შეეძლება ე.წ. სამაგიდო სიის გადამოწმება, მათივე კონკურენტებისაც, რომ ნამდვილად ადგილზე ჩაწერილმა ადამიანებმა მიიღონ მონაწილეობა, საჯარო რეესტრით რომ იმ მუნიციპალიტეტში ფიქსირდებიან, ხოლო 17 მაისიდან 20 მაისამდე გამოცხადდება კონკრეტული თარიღები იმ რაიონებში, სადაც კონკურენცია იქნება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.