ალუდა ღუდუშაური: ქვეყანას საგამოძიებო უწყებები ჰყავს, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან ძალიან წარმატებით თანამშრომლობენ
“ქვეყანას საგამოძიებო უწყებები ჰყავს, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან ძალიან წარმატებით თანამშრომლობენ. თანამშრომლობის ძალიან კარგი პრაქტიკა არსებობს და საქმის გამოძიება მათ უნდა მივანდოთ”, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, ალუდა ღუდუშაური “ქოლცენტრების” საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას.
მისივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებას თავისი სტანდარტი აქვს.
“მალე იქამდე მივლენ (ოპოზიცია), რომ მეზობელი მეზობელს მიჯნაზე რომ ედავება, გამოხტებიან და იტყვიან, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. ქვეყანას საგამოძიებო უწყებები ჰყავს, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან ძალიან წარმატებით თანამშრომლობენ. თანამშრომლობის ძალიან კარგი პრაქტიკა არსებობს და საქმის გამოძიება მათ უნდა მივანდოთ. საგამოძიებო მოქმედებას თავისი სტანდარტი აქვს. პროცესთან დაკავშირებულმა პირებმა არ უნდა იცოდნენ, არ უნდა ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ტარდება და რისთვის. თუ ეს ყველაფერი საჯარო და ღია იქნება, ვისაც ეს ყველაფერი შეიძლება აწყობდეს, დავით კეზერაშვილია“, – განაცხადა ღუდუშაურმა.