მოსკოვი კრემლზე თავდასხმაში აშშ-ს ადანაშაულებს

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ფრონებით კრემლზე თავდასხმის მცდელობის უკან აშშ დგას.

„კიევშიც და ვაშინგტონშიც ამის უარყოფის მცდელობები, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სასაცილოა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილებებს მსგავს ქმედებებზე და მსგავს ტერაქტებზე არა კიევში, არამედ ვაშინგტონში იღებენ. კიევი ასრულებს იმას, რის გაკეთებასაც უბრძანებენ”, – თქვა მან.

მისი თქმით, მოსკოვმა იცის, რომ „ხშირად სამიზნეებსაც არ განსაზღვრავს კიევი, არამედ ისინი განისაზღვრება ვაშინგტონში. შემდეგ, შეერთებული შტატები უკრაინელ სამხედროებს თავდასხმის ობიექტზე მიუთითებენ და უკრაინის შეიარაღებულ ძალებისგან თავდასხმის განხორციელებას ითხოვენ”.

პესკოვის თქმით, ამავე დროს, დარტყმის საშუალების არჩევისას, გადამწყვეტი ხმა შეერთებულ შტატებს ეკუთვნის.

“რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებები, სამიზნეების განსაზღვრა, საშუალებების განსაზღვრა და ასე შემდეგ – ამას ყველაფერი კიევს ვაშინგტონიდან კარნახობენ”, – განაცხადა პესკოვმა კითხვის საპასუხოდ, დგას თუ არა თავდასხმის უკან ვაშინგტონი.

სპიკერმა დასძინა, რომ თავდასხმაში აშშ-ის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია სპეცსამსახურებმა მოიპოვეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს მონაცემები ჯერ არ გამჟღავნებულა.

რაც შეეხება მომხდარზე პუტინის რეაქციაზე, პესკოვმა თქვა, რომ „ასეთ რთულ, ექსტრემალურ სიტუაციებში პრეზიდენტი ყოველთვის ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიცხადეს შეფასებებში, სიზუსტეს განკარგულებებში, ამიტომ, ამ მხრივ ახალი არაფერი მომხდარა”.

მისი თქმით, ამჟამად, კრემლში ნორმალური სამუშაო გარემოა.

​პესკოვის თქმით, მომხდარი 9 მაისის აღლუმზე გავლენას ვერ მოახდენს, “მზადება მიმდინარეობს. როგორც ყოველთვის, სიტყვით პრეზიდენტი გამოვა”.

თუმცა, თავდასხმის შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციაში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა, თავდასხმასთან დაკავშირებით პუტინი სპეციალურ მიმართვას არ გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები