რუსეთის ათობით ქალაქმა 9 მაისის აღლუმი გააუქმა
რუსეთის, სულ მცირე, 21 ქალაქში 9 მაისის აღლუმები აღარ ჩატარდება.
ამის შესახებ გამოცემა “ვიორსტკა” წერს.
ქალაქებს შორის, სადაც “უსაფრთხოების მიზნით” არის გაუქმებული ღონისძიება, არის: კალუგა, რიაზანი, არიოლი, სარატოვი, ლიპეცკი, ელეცი და ტიუმენი.
პსკოვსა და ველიკიე ლუკში აღლუმის გაუქმების მიზეზად დასახელდა “სპეცოპერაციაში” მონაწილე სამხედროებზე ზრუნვა, რომლებიც ადგილზე რეაბილიტაციისთვის ჩადიან და, როგორც რეგიონის ხელმძღვანელმა, მიხეილ ვედერნიკოვმა თქვა, “ფოიერვერკების ხმებს სხვაგვარად აღიქვამენ”.
“ვიერსტკა” წერს, რომ კურსკში აღლუმს “ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით” არ ჩაატარებენ, ხოლო ბელგოროდში – “რომ არ მოხდეს მტრის პროვოცირება ტექნიკისა და სამხედრო პერსონალის დიდი დაგროვებით”.
ღონისძიების გაუქმების მიზეზის განმარტებისგან თავი შეიკავეს ბრიანსკში, კრასნოდარსა და სოჭში და მოსახლეობა უბრალოდ ფაქტის წინაშე დააყენეს.