ზაალ კასრელიშვილი – “მართლა ააფეთქეს კრემლის თავზე დრონი, თუ ეს  ანიმაციური სიმულაცია იყო, ორივე შემთხვევაში, რუსეთის სამხედრო-  პოლიტიკური ხელმძღვანელობის სისუსტე დავინახეთ”

“მართლა ააფეთქეს კრემლის თავზე დრონი, თუ ეს  ანიმაციური სიმულაცია იყო, ორივე შემთხვევაში  რუსეთის სამხედრო-  პოლიტიკური ხელმძღვანელობის სისუსტე დავინახეთ”, – ამის შესახებუსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში  სტუმრობისას განაცხადა.

კასრელიშვილი კრემლის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც,   კიევმა კრემლზე იერიში სცადა.

მისი თქმით, რუსეთი ასეთ შემთხვევებს იმისთვის გამოიყენებს, რომ მსხვერპლის როლში  საერთაშორისო საზოგადოებას უფრო ცუდი მოლოდინები გაუჩინოს.

“დღეს ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან პრეცედენტზე, რომელიც მოსკოვში მოხდა. საერთაშორისო საზოგადოებამ  მედიასაშუალებების დახმარებით  უნიკალური კადრები  იხილა –  როგორ  ფეთქდება დრონი კრემლის თავზე.  ჩვენთვის აქ უცხო არაფერია. ამ თემებზე მაშინაც ვსაუბრობდით,  როდესაც პირველად უკრაინის ფარგლებს გარეთ, ბელგოროდში უპილოტო საფრენმა აპარატმა  რუსეთის ლოჯისტიკურ ცენტრზე შეტევა მიიტანა.

ჩვენი ქვეყნის შიგნითაც  და  მის ფარგლებს გარეთაც გუშინ გავრცელებულ კადრებს  არაერთგვაროვნად გამოეხმაურნენ, ზოგი ფიქრობს,  რომ ეს გათამაშებული შეტევა იყო, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებმა და სამხედრო- პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მოაწყვეს. მეორე მოსაზრებაა, რომ ეს უკრაინული დრონი იყო, როგორც ეს კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა.

განვიხილოთ პირველი შემთხვევა, დავუშვათ, ეს გათამაშებული  შეტევა იყო, რა დასკვნა შეიძლება, გავაკეთოთ, თუ კრემლმა ანიმაციურ პოლიტიკური სპექტაკლი დადგა იმისთვის, რომ თავის  მდგომარეობას  მსოფლიოს ყურადღება მიაპყროს.
პირველი – რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში  წარმატებას ვეღარ აღწევენ, ისინი გადავიდნენ თავდაცვაზე და თავდაცვის მდგომარეობაში მყოფი ჯარების სამხედრო- პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის ეს თავდაცვაში გადასვლის გამართლების მცდელობაა.

მეორე: რუსეთის უკმაყოფილო მოსახლეობის ყურადღება უნდათ, გარე საფრთხეებზე  გადაიტანონ,  უკრაინაში შეჭრა  გაამართლონ,  ასევე  რუსეთის  ფარგლებს გარეთ მყოფ  პრორუსული ორიენტაციის ძალებს  სურთ, აჩვენონ,  რომ ეს შეჭრა, ე.წ. სპეცოპერაცია აუცილებელი იყო, რადგან იქ  რეაქციული  ძალა არსებობს, რომელსაც შეუძლია, თავდასხმა  კრემლზეც მოაწყოს. მესამე: როგორც ჩანს, რუსეთი მსხვერპლის როლს ირგებს, რაც მას საშუალებას  მისცემს,  პროპაგანდა დაიწყოს იმისთვის, რათა ტაქტიკური ბირთვული რაკეტების გამოყენებაზე ხელი მიუწვდებოდეს. რუსეთი როგორც შიდა მოსახლეობას, ისე საერთაშორისო საზოგადოებას თავს აცოდებს, ცდილობს, იმ აზრს შეაგუოს, რომ მსხვერპლის როლში მყოფი კრემლი იძულებული გახდება,  ტაქტიკური და ბალისტიკური რაკეტები გამოიყენოს.
განხილულ პირველ შემთხვევაში ჩანს, რომ რუსეთის სამხედრო პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გაცნობიერებული აქვს, რომ შეცდომა  დაუშვა, დააშავა და წარმატებას ვერ მიაღწევს,  ახლა გარე საფრთხეებით ინიღბება, მსხვერპლის ქურქი უნდა, მოირგოს.

მეორე შემთხვევა: თუ ეს შეტევა  მართლა  მოხდა, მაშინ ვფიქრობ,  რომ ჰაერში განადგურებული დრონი უფრო დიდ აფეთქებას გამოიწვევდა. როგორც ჩანს,   ეს მზვერავი დრონი იყო,  რაც იმის ნიშანია,  რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უნარი შესწევთ, კრემლამდე მიაღწიონ. ჩავთვალოთ , რომ ეს  რუსეთის სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის გაფრთხილება, მესიჯი   იქნება, რომ თუ ომს არ დაასრულებს,  მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება,  უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესწევთ უნარი, კრემლამდე მიაღწიონ. გარდა ამისა, ეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის გზავნილია,  რომ უკრაინას უნარი შესწევს,  უკრაინიდან საბრძოლო მოქმედებები  რუსეთის ტერიტორიაზე  გადაიტანოს.

საოცარია, ” მსოფლიოში “სიდიდით და სიძლიერით მეორე არმიავ”,  კრემლამდე დრონი როგორ მოვიდა? კრემლამდე  რამხელა კორიდორი, ტერიტორიები  გაიარა? რატომ უნდა ჩამოაგდოს კრემლის საჰაერო დაცვის სამსახურმა დრონი ? მანამდე საჰაერო თავდაცვის დაფარვის ზონები არ გამოიარა? სასაცილოა. მართლა რომ უკრაინელების გამოგზავნილი იყოს, ეგ სირცხვილით არ უნდა გეთქვათ. თუ დრონი მართლა უკრაინელების გამოგზავნილია, ვერ ყოფილა თქვენი საქმე კარგად. ხმელეთზე ვნახეთ, რაც შეგიძლიათ, როგორც გაირკვა,  საჰაერო თავდაცვის თვალსაზრისითაც მძიმე მდგომარეობაა.

გაურკვეველი პოლიტიკური თამაშებია. ეს უფრო ანიმაციური სიმულაცია იყო .

განხილულ ორივე შემთხვევაში, მართლა ააფეთქეს დრონი, თუ ანიმაციური სიმულაცია იყო, ჩვენ დავინახეთ რუსეთის სამხედრო- პოლიტიკური ხელმძღვანელობის სისუსტე. არ ვამბობთ,  რომ ამის გამო რუსეთი ომს დაამთავრებს, ვამბობთ, რომ რუსეთი ასეთ შემთხვევებს იმისთვის გამოიყენებს, რომ მსხვერპლის როლში  საერთაშორისო საზოგადოებას უფრო ცუდი მოლოდინები გაუჩინოს, ასევე საკუთარი  მოსახლეობა იმ აზრს შეაგუოს, რომ თუ რაიმე ცუდ იარაღს გამოიყენებს, ეს თავდაცვის მიზნით იძულებითი ღონისძიება იყო”, – განაცხადა კასრელიშვილმა.

ცნობისთვის, კრემლის განცხადებით,  კიევმა კრემლზე დრონებით  იერიში სცადა.

უკრაინის პრეზიდენტის სპიკერის, სერგეი ნიკიფოროვის განცხადებით, უკრაინას კრემლზე დრონების სავარაუდო თავდასხმასთან კავშირი არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები