უკრაინაში აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმების შესახებ აფრთხილებს
უკრაინაში რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმების გაზრდილი საფრთხეა, განსაკუთრებით – კიევზე და კიევის რეგიონზე.
ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული გაფრთხილებაშია ნათქვამი.
ამერიკელებს მოუწოდეს, ყური მიადევნონ განგაშის სირენებს და არ უგულებელყონ საფრთხე, ასევე, დარჩნენ თავშესაფრებში, ან ორი კედლის წესით იხელმძღვანელონ.
„უკრაინაში, ბოლოდროინდელი დარტყმების და მოსკოვის რიტორიკის ფონზე, სახელმწიფო დეპარტამენტი აფრთხილებს აშშ-ის მოქალაქეებს სარაკეტო თავდასხმების გაზრდილი საფრთხის შესახებ, მათ შორის, კიევსა და კიევის რეგიონში“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევენ, ფრთხილად იყვნენ რაკეტების ან დრონების ფრაგმენტებთან, რადგან ისინიც საფრთხის შემცველია.
ასეთი გაფრთხილება ამერიკის საელჩომ ბოლოს 23 თებერვალს გააკეთა.