ISW: კრემლზე დრონების თავდასხმა, სავარაუდოდ, ინსცენირებულია

კრემლზე დრონების იერიშის ორგანიზება თავად რუსეთს შეეძლო, რომ ამ გზით რუსეთის შიდა აუდიტორიას უკრაინის წინააღმდეგ ომის მნიშვნელობა დაანახოს და ფართო სოციალური მობილიზაციისთვის პირობები შეექმნას.

ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების ანგარიშშია ნათქვამი.

ISW ნაკლებსავარაუდოს უწოდებს იმ ფაქტს, რომ დრონებს​ მოსკოვში დაყენებული საჰაერო თავდაცვის სისტემების რამდენიმე ფენის გადალახვა შეეძლოთ.

ასევე, მათ ეჭვს იწვევს კრემლის თავზე აფეთქების შედარებით კარგი კადრები.

„ინციდენტზე კრემლის დაუყოვნებელი, თანმიმდევრული და კოორდინებული რეაგირება იმის მტკიცებულებაა, რომ თავდასხმა ისე იყო ორგანიზებული, რომ აფეთქების სავარაუდო პოლიტიკური შედეგები ფაქტის უხერხულობას გადაწონიდა”, – ამბობენ ანალიტიკოსები.

კრემლზე თავდასხმის ინსცენირებით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, დაანახოს თავის მოსახლეობას, რომ ომი ახლოსაა და მასში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ინსცენირება შესაძლოა, ასევე გახდეს 9 მაისის აღლუმის გადადების ან ღონისძიებების მასშტაბის შემცირების საბაბი, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მოსახლეობაში განცდას, რომ ძველებურად ცხოვრება აღარ შეიძლება.

ISW-ში არ გამორიცხავენ, რომ ამ ფაქტს შესაძლოა, მოჰყვეს რუსეთის სხვა ოპერაციებიც, სხვა ქვეყნის დროშის საფარ ქვეშ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები