შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვაინტერესებს, როგორ ხედავს ევროპა საქართველოსთან თავის დამოკიდებულებას, თუ როგორ აფასებს ქართველი ხალხის 30 წლიან ბრძოლას ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის

ყველანაირი გულწრფელი, პატიოსანი, ობიექტური შეფასებით საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. შესაბამისად, თუკი საქართველო განმეორებით დადგა ისეთი გადაწყვეტილების წინაშე, რომ სტატუსი არ მიენიჭა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რა დგას ასეთი გადაწყვეტილების უკან და რა არის მოტივი? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, ამას შესაძლოა, მხოლოდ პოლიტიკური დატვირთა ჰქონდეს – დესტრუქციულ ძალებს, რომლებიც საქართველოში არეულობას გეგმავენ, რადიკალური სცენარის განხორციელების შესაძლებლობა მიეცეთ.

მისი თქმით, საქართველომ, ბოლო, 30 წლის განმავლობაში, დაამტკიცა, რომ ის რეგიონში არის დასავლეთის ყველაზე დიდი მოკავშირე.

„როდესაც არის გამოცხადებული არეულობის ქრონიკა, საქართველოში. ანუ, არ იქნება კანდიდატის სტატუსი და ქვა ქვაზე არ დარჩება. ამ, გამოცხადებული დესტრუქციის ქრონიკის ფონზე, თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, იმ პირობებში, რომ ობიექტურად, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან. საუბარია, საქართველოზე, ქართველ ხალხზე. იმ ქვეყანაზე, რომელმაც 30 წლის განმავლობაში, თუკი რამე დაამტკიცა, დაამტკიცა ერთი რამ – ჩვენ ვართ დასავლეთის საუკეთესო მოკავშირე ამ რეგიონში. ეს დავამტკიცეთ ჩვენი საქმით, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიზაციის კუთხით რეგიონში ლიდერი და ბევრს საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის ზოგ ქვეყანასაც ვუსწრებთ. ეს დაამტკიცა ქართველმა ხალხმა საკუთარი სისხლით, რომელიც ჩვენ ავღანეთში, ერაყში და სხვა ქვეყნებში დავღვარეთ. ეს არის, საბოლოო ჯამში, არა დღევანდელი ხელისუფლების შეფასება, არამედ დამოკიდებულება, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს დავინახოთ, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან, თუ როგორ ხედავს ის, თავის გეოპოლიტიკურ როლს ამ რეგიონში, როგორ ხედავს ის საქართველოსთან თავის დამოკიდებულებას, როგორ აფასებს ის ქართველი ხალხის 30 წლიან ბრძოლას იმისთვის, რომ დაბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახში. სინამდვილეში, დეკემბერში ზუსტად ამას გაეცემა პასუხი – ევროპა არის თუ არა მზად, რომ იკისროს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მან უნდა იღოს, როგორც გეოპოლიტიკურმა მოთამაშემ და მეორე, არის თუ არა ევროპა მზად დააფასოს ის 30 წლიანი ბრძოლა ქართველი ხალხისა და მეტ ნაკლებად, ყველა ხელისუფლებისა ამ ოჯახში დაბრუნებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები