მაია ბითაძე და დავით სონღულაშვილი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების გარემოს დაცვის ექსპერტს შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების გარემოს დაცვის ექსპერტს, ალექსანდრა ბუჯაროვსკას შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ენერგეტიკულ პროექტებთან მიმართებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში (გზშ) მედიაციის გამოყენების საკითხზე იმსჯელეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში მედიაციის გამოყენება ენერგეტიკული გაერთიანებისთვის ახალი მიმართულებაა.
დეპუტატები დაინტერესდნენ ამ ახალი ინსტრუმენტის გამოყენების საკითხით. ენერგეტიკული გაერთიანების ექსპერტმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სისტემატურად გაუზიარებს გამოცდილებას და ასევე გააცნობს მედიაციის პროცესის გამოყენებასთან დაკავშირებით ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების და ევროკავშირის გეგმებს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ხატია წილოსანი და სალომე ქურასბედიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები