არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიციის გეგმა, რომ პარლამენტში გაასამართლოს სასამართლო, წარმოუდგენელია დემოკრატიისთვის

რადიკალური ოპოზიციის გეგმა, რომ პარლამენტში გაასამართლოს სასამართლო, არის წარმოუდგენელი დემოკრატიისა და იმ საკონსტიტუციო მოწყობისთვის, რასაც ჰქვია საპარლამენტო მოწყობა და ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით წესების დაცვით მიიღეს.

“მათ სურთ პირდაპირ ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში, სურთ – შური იძიონ იმ სასამართლოსა და მოსამართლეებზე, ვინც მათი პოლიტიკური ლიდერები უმძიმესი დანაშაულების გამო გაასამართლა და სურთ დაბლოკონ სასამართლოს საკითხი, რადგან ის არის ევრორეკომენდაციების ნაწილი და ამით დაბლოკავენ შემდგომში კანდიდატის სტატუსის მინიჭების თემასაც. პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს სჭირდებათ ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის და შემდეგ ძალადობრივი ცვლილებებისთვის. აი, ეს გეგმა ჰქონდათ, ამ გეგმის დაწყება უნდოდათ პარლამენტიდან, თუმცა, შევიდნენ პოლიტიკურ ჩიხში და ჩაუვარდათ ეს გაუგონარი ინიციატივა.

სინამდვილეში, რეგლამენტი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიას ქმნის ოპოზიცია და უმრავლესობა ერთად, შესაბამისად, არანაირი გადახვევა აქ რეგლამენტიდან არ ყოფილა, წესების დაცვით მოხდა სხდომაზე ამ საკითხზე მსჯელობა და წესების დაცვით მიიღო ბიურომ გადაწყვეტილება,” – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები