საქართველოს და ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს და ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით ინფორმაციისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარებას ისახავს მიზნად. როგორც მემორანდუმის ხელმოწერის დროს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნებთან მსგავსი ტიპის თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება.

„მსგავსი ტიპის მემორანდუმის გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის, ვინაიდან მემორანდუმი არჩევნების ადმინისტრირებასა და მართვაში პრაქტიკის გაზიარებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ალბანეთის რესპუბლიკა ტექნოლოგიური ინტერვენციის კუთხით გადის იგივე გზას, რასაც საქართველო და ვფიქრობ მსგავსი თანამშრომლობის ფორმატი ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი და დროულია“, განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ინფორმაციის გაცვლისა და ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ილირიან ცელიბაშმაც – „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღეს ჩვენს ინსტიტუციებს შორის გაფორმებული მემორანდუმი წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. ვფიქრობ, გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოსა და ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციებს არჩევნების უფრო მეტად გამჭვირვალე გარემოში ჩატარებისა და საარჩევნო საქმიანობის უკეთ წარმართვაში“.

მემორანდუმი მხარეებს შორის 28 აპრილს გაფორმდა. ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი საქართველოში 29 აპრილის არჩევნებზე დასაკვირვებლად სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. უცხოელი კოლეგების ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღო. საქართველოს ცესკოს ლოს-ანჯელესის ოლქის საარჩევნო ადმინისტრაციისგან გადმოეცა დეკლარაცია საერთო პრინციპების გაზიარებასთან დაკავშირებით, რაც ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას და 29 აპრილის არჩევნებზე დაკვირვებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაზიარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები